სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ მიმდინარე წლის 25 ივლისს გასულ სიუჟეტს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დ.ჭ.-ს სუიციდთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სიუჟეტი აგებული იყო ყალბ ინფორმაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.
„სიუჟეტში ითქვა, თითქოს ბრალდებული მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა მას არ მიეწოდებოდა მისი საჭიროების შესაბამისი პრეპარატის დოზა, რამაც შესაძლოა, მას სუიციდალური აზრები გაუმწვავა.
ამასთან, სიუჟეტში გამოთქმული იყო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულის ადვოკატს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბრალდებულ დ.ჭ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია მორიგე ექიმის კონსულტაცია.
„ბრალდებულის მიერ ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მას შეეთავაზა ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში გადამისამართება, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა და შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი. არც თავისუფლების პირობებში იყო დ.ჭ. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული.
შესაბამისად, არც თავისუფლების პირობებში და არც პენიტენციურ დაწესებულებაში მას მეტადონი არ მიეწოდებოდა. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ბრალდებულისთვის მიწოდებული დოზის ნაკლებობაზე მსჯელობა კი საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება N8 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ ადვოკატისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის მიუწოდებლობას, ადვოკატმა მოცემული მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს მიმართა მიმდინარე წლის 14 ივლისს (ბრალდებულის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ), რაზეც მას განემარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, კერძოდ კი გარდაცვლილი ბრალდებულის ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობის გარეშე, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა ვერ მოხდებოდა. მეორე დღესვე, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გარდაცვლილის ნათესავმა მთავარ ექიმს მიმართა სამედიცინო დოკუმენტაციის მოთხოვნით, რასაც თან დაურთო გარდაცვლილი პირის დედის მიერ გაცემული მინდობილობა, რის შემდეგაც მას იმავე დღეს გადაეცა სრული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია უნდა გაცემულიყო ადვოკატზე ოჯახის თანხმობის გარეშე არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია არ გაცემულა არის ყალბი“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.