საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ბატალიონის სრული შემადგენლობის დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს.
მე-12 ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.