ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პანკისის ხეობის შესასვლელთან 400-მდე პირია შეკრებილი – ისინი ცენტრალური სამანქანო გზის გადაკეტვას აპირებენ

სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელში 400-მდე პირია შეკრებილი და ცენტრალური სამანქანო გზის გადაკეტვას აპირებენ. პროტესტი ქისტებსა და მატნელებს შორის, გუშინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება დუისელ და მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, ქათმის გამო დაიწყო.

როგორც ირკვევა, მატანელები ხადორიდან ავტომობილით ნასვამები ბრუნდებოდნენ და სოფელ დუისში, შემთხვევით, ქათამი გაიტანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ორი მატანელი ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. მატანელები ბოდიშის მოხდას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

დღეს, დილით, მატანში, სკოლის ეზოში ადგილობრივები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ პანკისის ხეობაში შესასვლელი სამანქანო გზა გადაკეტონ და ქისტები არ გაატარონ. აქციის ადგილიდან კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით გააძევეს და გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს.

 

იტვირთბა....