მწყემსი, რომელმაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იპოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. როგორც მისი თანასოფლელი აცხადებს, 14 წლის მოზარდს ოჯახის საქონელი ჰყავდა საძოვარზე გაყვანილი, როდესაც ავტომანქანა შენიშნა. მისი თქმით, ოჯახმა ბავშვი მედიას მოარიდა, რადგან ეშინია რამე არ დაუშავონ. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
“ეს ბავშვი 14 წლის იქნება. ჩვენი თანასოფლელები არიან. ოჯახს საქონელი ჰყავს და მამა-შვილი მორიგეობით მწყემსავდნენ. მეორე დღეა, რაც ოჯახი სახლში არ იმყოფება.
არავინ იცის სად არიან, ერთადერთი ის გავიგეთ რომ ბავშვი არასრულწლოვანია და მშობლებმა მედიას მოარიდეს, რადგან ისედაც განცდებშია ბავშვიო“ – განაცხადეს წინწყაროში.
ადგილობრივების თქმით, ბიჭის ოჯახს ეშენია, რამე არ დაუშავონ.
„ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ, ყველას გარდაცვალება არის ბუნდოვანი. ამ მწყემსი ბიჭის ოჯახის მესმის, ეშინიათ ბავშვს რამე არ დაუშავონ.
ყველა დედა უნდა ავდგეთ და აქციები მოვაწყოთ, ვის ჰყავს სასიკვდილო შვილები. სამართალს უნდა მივაღწიოთ. მთელი სოფელი შეძრულია ამ გოგონას ამბავზე“ – განაცხადა სულიკო კვანჭიანმა
ცნობისათვის, ახალგაზრდა ქალი მისივე მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.