ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობა ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოუყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება, რისთვისაც მთავრობა 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეპიდემიის გავრცელების დღევანდელი გადმოსახედიდან,  მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გამართული ინფექციური კლინიკა არსებობდეს.

“ეპიდემიის გავრცელების და რისკების გავრცელების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით,  კლინიკური ჯგუფი, რომელიც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა იყო უკიდურესად ეფექტური და ეს ჯგუფი არა მარტო საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ,  პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს.

იტვირთბა....