კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს განიცდის – ერთ-ერთი სფერო, რომელზეც ეპიდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია, ტურიზმია, ეს სექტორი, ფაქტობრივად, გაიყინა. შეჩერდა ფრენები, დაიკეტა საზღვრები და მსოფლიო საზოგადოებას სამი თვის განმავლობაში სახლში გამოკეტვა მოუწია. ამის შედეგად, მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მსოფლიო მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფაზაში შევიდა. საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლების გაურკვეველი პოლიტიკიდან გამომდინარე ჩნდება შიდა ტურიზმის განვითარების აუცილებლობა. მთავრობა აანონსებს, რომ ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან თუ დახმარებებიდან გამოყოფილია თანხა, რომელიც, ზოგადად პოსტ-კორონა პერიოდში ბიზნესის განვითარებას უნდა მოხმარდეს, თუმცა დღემდე კონკრეტული არაფერი დაანონსებულა.
ანტიკრიზისული ეკონომიკური დახმარების ფარგლებში, “მეტრონომი” გამოდის ინიციატივით და მიმართავს ხელისუფლებას რეკომენდაციით საგულდაგულოდ შერჩეულ მიზნობრივ აუდიტორიაში, მოსახლეობას სრულიად საქართველოს ტურისტულ ზონებში, დაურიგდეს მაგალითად, საშუალო დონის სასტუმროების ვაუჩერები, რომელიც სტიმულს მისცემს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს დაგეგმოს ვიზიტი კონკრეტულ ტურისტულ რეგიონში, რაც ავტომატურად აამოქმედებს სახვადასხვა სექტორს, სარტანსპორტო და სავაჭრო მიმართულებებს. ეს კი გარკვეულწილად აამუშავებს რამდენიმე გაჩერებულ სექტორს და დაიწყება შიდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი. წარმოიდგინეთ, საუბარია რამდენიმე ასეულ ლარზე, რომელსაც შეუძლია მოქმედებაში მოიყვანოს რამდენიმე სექტორი, რომლებიც დააზიანა პანდემიამ და კმაყოფილი დატოვოს რამდენიმე მხარე, რაც საბოლოო ჯამში, აისახება ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე. პირობითად – მოგზაურობის მსურველი ოჯახის 500-ლარიანი ვაუჩერიზაცია, მაგალითად, 100 ათას ოჯახზე, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს 50 მილიონი ლარის სუფსიდირიებას, რასაც დაემატება აღნიშნული ოჯახების მიერ დახარჯული დამატებითი თანხები ტურიზმზე მიბმულ სხვადასხვა სექტორში, რაც იმას ნიშნავს, რომ სუფსიდირებული თანხა მინიმუმ ორმაგდება და საბოლოოდ სარგებელს ნახულობს პანდემიისგან გაჩერებული სხვადასხვა მიმართულებები.
ჩვენ თავიდანვე შევეცადეთ დავკავშირებოდით რამდენიმე სასტუმროს და გაგვეგო მათი მფლობელების აზრი აღნიშნულ ინიციატივაზე. ისინი თითქმის ერთსულოვნად იწონებენ “მეტრონომის” ინიციატივას ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ზოგს იმედიც აქვს, რომ მთავრობა გადადგამს ქმედით ნაბიჯებს შიდა ტურიზმის ასამუშავებლად.
სასტუმრო “თუშეთის” მფლობელი “მეტრონომთან” ამბობს, რომ ინიციატივა, რომელიც სასტუმროებისთვის ვაუჩერების დარიგებას გულისხმობს, მისასალმებელია. მისი თქმით, კარგი იქნებოდა თუკი გარკვეული თანხები ტრანსპორტით უზრუნველყოფასაც მოხმარდებოდა, რადგან ბევრი დამსვნებლებისთვის ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენს.
“ძალიან კარგი იქნება, ამით სასტუმროებს შემოსავალი გაეზრდებათ. მოსახლეობაც ნახავს სარგებელს. ამასთან, ხალხი უფრო კარგად გაიცნობს საკუთარი ქვეყნის ულმაზეს კუთხეებს”, – გვითხრა სასტუმრო “თუშეთის” მეპატრონემ.
მესტიაში, “ვილა მესტიას” მფლობელი ნანა კვიციანი”მეტრონომთან” აღნიშნავს, რომ სასტუმროებზე ვაუჩერების დარიგება შიდა ტურიზმის ამუშავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მისი თქმით, აუცილებელია ეს პროცესი დაჩქარდეს, რადგან შეიძლება ხვალ უკვე დაგვიანებული იყოს.
“სახელმწიფომ უნდა დაარიგოს ვაუჩერი, რომელიც დასვენებისთვის იქნება და სხვა რამეში არ იქნას დახარჯული. ვფიქრობ, ძალიან კარგი იდეაა. მოხარული ვიქნები, თუკი მოხდება ვაუჩერების დარიგება. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, თურქეთის სახელმწიფომ შიდა ტურიზმის დასახმარებლად სწორედ ეს ზომები გაატარა” – განაცხადა “მეტრონომთან” ნანა კვიციანმა.
საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების პარალელურად, როგორც ცნობილია კერძო ბიზნესმენისგან გამოიყო 1 მილიარდი ლარი ბიზნესის დასახმარებლად და კოვიდსიტუაციის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ფაქტია, მძიმე ეკონომიკური ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა. არც ის ვიცით სად და როგორ დაიხარჯა, ან დაიხარჯება გამოყოფილი ფინანსები.
ფაქტია ის, რომ უმძიმესი დარტყმის ქვეშ მოექცნენ ამა თუ იმ სასტუმროების მფლობელები. ამ ეტაპზე ადამიანები არა მოგებაზე, საერთოდ სფეროს გადარჩენაზე არიან ორიენტირებულნი. ამ სფეროში ჩართულმა პირებმა სერიოზული ეკონომიკური დანაკარგი ნახეს. თანაც, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, რის დაკმაყოფილებასაც სასტუმრობი ან ვერ ახერხებენ, ან ეს სერიოზულ ფინანსური ხარჯებს მოითხოვს, რაც დღეს არსებულ ეპიდვითარებაში ძალიან რთულია. “მეტრონომს” აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდეც კი იყო მისული, თუმცა გასაგები მიზეზები გამო, მან არ ისურვა ჩვენთან ვინაობის გამჟღავნება.
არადა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფრენების აღდგენა, 1-ელ სექტემბრამდე არ იგეგმება. ხელისუფლება აანონსებს, რომ შიდა ტურიზმის განვითარებაზე აქტიურად მიდის მუშაობა, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რამდენიმე რეგიონში იმოგზაურა, არ ჩანს.
სპეციალისტების თქმით, პანდემიის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე სულ მცირე წლის ბოლომდე შენარჩუნდება. სახელმწიფოს კი მოუწევს გარკვეული ჯგუფების დასახმარებლად დამატებითი რესურსები მოიძიოს. თუმცა, ის, უკვე მობილიზებული ფინანსური რესურსები ბიზნესის და კერძოდ შიდა ტურიზმის სუფსიდირებისათვის როგორ დაიხარჯა, სრულყოფილად არაფერი ვიცით.
“მეტრონომმა” საკუთარი ინიციატივის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მაგალითად, სასტუმროს ვაუჩერები დარიგდეს მასობრივად, წინასწარ, საგულდაგულოდ, სამართლიანად შერჩეულ კონტიგენტზე (ოჯახზე, ან კონკრეტულ პირზე), კომენტარი რამდენიმე ბიზნესმენს და აღნიშნული სფეროს სპეციალისტს თხოვა.
სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაგალითად, პირს, რომელსაც სახელმწიფო მოგზაურობისთვის (მაგალითად სასტუმროსთვის) ხარჯების 80%-ს დაუფარავს, მას გაუჩნდება მოტივაცია, ეს ვაუჩერი გამოიყენოს, რაც გარკვეულწილად წაახალისებს ამ სფეროს და ერთგვარი ხელშეწყობაც იქნება არა მხოლოდ ტურიზმის სექტორისათვის, არამედ სატრანსპორტო სფეროსთვისაც. ამასთან, ამუშავდება ირგვლივ არსებული სავაჭრო სექტორი, ბაზრები, ბაზრობები, მარკეტები და ა. შ.
“მეტრომონი” დაუკავშირდა ბიზნესმენს და სასტუმრო GEORGIAN PALACE HOTEL & SPA-ს მფლობელს, თემურ ჭყონიას, რომელიც ჩვენთან აცხადებს, რომ მსგავსი პროექტი ტურიზმის სექტორს წაახალისებს, თანაც გარკვეული ხელშეწყობაც იქნება იმ პირებისათვის, ვინც ამ სფეროშია ჩართული.
“ერთიანი გადაწყვეტილება არ არის სწორი. ზოგს უნდა გადასახადები გააუქმონ, ზოგს გადაუვადონ და ა.შ. ყველა მიმართულებით სხვადასხვა მიდგომაა საჭირო. ყველაზე კარგი იქნება, რომ გადასახადები კი არ გადაუვადონ, ზოგიერთი გადასახადი გააუქმონ. რაც შეეხება თქვენს ინიციატივას, ეს არა მარტო ფინასნური ხელშეწყობა იქნება, ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ ეს ვაუჩერი გამოიყენოს. ბუნებრივია, ტურისტული ნაკადი გაიზრდება და შესაბამისად, შემოსავალიც. კარგი ფორმულაა – ინტერესს უჩენს ადამიანს, რომ იმოგზაუროს”. – უთხრა “მეტრონომს” ჭყონიამ.
“დღეს ტურიზმის სექტორის გადარჩენაზე და შენარჩუნებაზეა საუბარი. ელემენტარულად, სამუშაო ადგილები უნდა შევინარჩუნოთ ამ სფეროში, რომ არ დაიხუროს ობიექტები, რადგან შემდეგ, გაცილებით ძვირი დაჯდება მისი აღდგენა. ნებისმიერ გზას, რომელიც ამ სფეროს შენარჩუნებას ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, მივესალმები.ეს დამატებით მოთხოვნას შექმნის. ამას სჭირდება უფრო მეტი გააზრება და ალბათ სპეციალისტებთან საუბარი, რომელიც გზა იქნება უფრო ეფექტური. ეს ინიციატივა კი ცალსახად, დამატებით მოთხვნას ხელს შეუწყობს” – თქვა “მეტრონომთან” აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ.
ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია თვლის, რომ ეს ინიციატივა გარკვეულწილად დადებითად იმოქმედებს ტურისტულს სექტორზე, თუმცა, მისი ეფექტი უკეთესი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი საზღვრები გაიხსნება და ქვეყანაში ტურისტი შემოვა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გამოყოფილი თანხები უკანონო გზით არ გაიფლანგოს და მიზნობრივად დაიხარჯოს.
ხელისუფლება ყოველთვის იმაზე აპელირებს, რომ მედია ორიენტირებულია მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაზე. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან საგადასახადო შეღავათების პარალელურად, მეტრონომის” ინიციატივა კატალიზატორის როლს შეასრულებდა ტურისტული სექტორის ასამუშავებლად, რომელსაც ავტომატურად ებმება სხვადასხვა გაყინული სექტორი და უფრო პრაქტიკული და პრაგმატულია, ვიდრე უაზროდ დახარჯული ერთჯერადი დახმარებები, ან პრეზიდენტის მოგზაურობები ქვეყნის შიგნით, მისი პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები და ამ ყველაფერში ბიუჯეტიდან გაფლანგული ათასობით ლარი.
თამარ შუკვანი