19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, გასაჯაროვდა, წვეულების ორგანიზატორის და იუბილარის, ანა გაბეჩავას მინაწერი ორ ბრალდებულთან არასრულწლოვან ლ.შ.-ს და თენგო ბარბაქაძესთან, რომელიც 19 ივნისის დილით თარიღდება.
როგორც მიმოწერით ირკვევა, გაბეჩავა მოითხოვს, მეგობარმა დაუსახელოს ადგილი, სადაც დატოვეს გიორგი შაქარაშვილი. ის ეუბნება ბარბაქაძეს, რომ მშობლებიც ეძებენ დაკარგულ შაქარაშვილს და მალე პოლიციას ჩართავენ.ქმ
„ანი გაბეჩავა: მომწერე რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ, ყველა ეძებს ბავშვს, სად დატოვეთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეგ ბავშვი ცოცხალი იპოვონ და თქვენ თუ რომელიმეს ხმა გაგცეთ ცხოვრებაში, ნახავთ. დაურეკე სასწრაფოდ ბიჭებს და მითხრან სად სცემეთ, სად დატოვეთ?
თენგო ბარბაქაძე: არ ვიცი, აზრზე არ ვარ.
ანი გაბეჩავა: გაიგე, თენგო.
თენგო ბარბაქაძე: ჩვენ თბილისსში წავედით.
ანი გაბეჩავა: ნერვებს ნუ მიშლი, ვიცი, რომ გიგას მანქანით იყავით და ცემეთ ის ბავშვები, იმ სახლიდან თავი რომ არ გამოუყვიათ”
ანა გაბეჩავა უკავშირდება არასრულწლოვან ლ.შ.-საც და სთხოვს უთხრას, სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.
„ანა გაბეჩავა: ბავშვი არის დაკარგული
ლ.შ. : ოთხ კაცს თავი გვაქვს გატეხილი.
ანა გაბეჩავა: ვერ პოულობენ. მისმინე, თუ ვერ იპოვიან, მშობლები პოლიციაში აპირებენ მისვლას. მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ. გიგას მანქანით შენც იყავი?
ლ.შ. : ჩვენ რა ვიცით?
ანა გაბეჩავა: ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, იმ მანქანაში იყავი?
ლ.შ. : მანდ რა მინდოდა, გოგო. თბილისამდე 15 კაცი მომსდევდა
ანა გაბეჩავა: მისმინე. არ მომატყუო, შენც იჯექი მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს, ძაან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი ვაბშე უდანაშაულო, გარეთაც არ გამოსულა, ეგ დაიკარგა. ვერ ვპოულობთ. მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან. პოლიცია ჩაერევა, არ გეცოდებით საერთოდ?
ლ.შ. : აზრზე არ ვარ საერთოდ ვინაა დაკარგული, ვინაა, რატომ დაიკარგა
ანა გაბეჩავა: ის ბიჭები ვინ მოიყვანა? ჩქარეული და ეგენი?
ლ.შ. : რეებს მეკითხები, აზრზე არ ვარ
ანა გაბეჩავა: გზა ვინ უთხრა, ვინ მოათრია იქ. ეგენი მოვიდნენ და მერე დაიწყეს ჩხუბი”.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.