15 წლის ნოდარ შამათავა, 18 წლის ალექსანდრე ბერიძე, 9 წლის გიორგი ძულუაშვილი, 17 წლის ვალერიან სანოძე, 15 წლის რომან სარქისიანი, 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი – ეს იმ მოზარდების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც თბილისის ზღვაში ჩასვლა სიცოცხლის ფასად დაუჯდათ და რომლებიც დაუცველ ინფრასტრუქტურას ემსხვერპლნენ. 2015 წლიდან თბილისის ზღვაზე 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი. მიუხედავად სტატისტიკისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა, დღემდე არაფერი იცვლება – გუშინ კი თბილისის ზღვაში ორი 15 წლის მოზარდი გაუჩინარდა. მაშველებმა ორივე მათგანი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
უბედური შემთხვევები და მით უფრო, ფატალურად დასრულებული ფაქტები, რომლებმაც ბავშვებისა და მოზარდების სიცოცხლე ეწირება, ყველაზე დიდი სიმძაფრით გვაჩვენებს, რა ხარვეზები გვაქვს ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და რამდენად ზრუნავს სახელმწიფო მოქალაქეებისთვის დაცული გარემოსთვის შესაბამისი სტანდარტების შესაქმნელად. ჩნდება კითხვა, რას გვასწავლის თბილისის ზღვაზე მომხდარი ტრაგედიები, ვინ უნდა ზრუნავდეს პრობლემების მოგვარებაზე და წლებთან ერთად იცვლება თუ არა რაიმე ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად?
ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. ამ მიმართულებით თბილისის ზღვას თამამად შეიძლება ვუწოდოთ დედაქალაქის მთავარი “სიკვდილის ზონა”. აღნიშული ზღვის ზოგიერთი მონაკვეთი ადამიანთა სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, ამის მიზეზი კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის არასათანადო ინფორმირებულობაა.
უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიებს ტერიტორიები არ აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და როგორც წესი, არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული.
თბილისის ზღვაზე, ე. წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წყალსაცავს საინჟინრო არხით მდინარე იორის წყალი უერთდება, ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილად არის მიჩნეული. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამ ადგილას 2016 წლის 4 აგვისტოს 9 წლის ბავშვი ნაპირთან ახლოს, დედის თვალწინ დაიხრჩო.
ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე 2017 წელს დაიღუპა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟიშვილი. ერთი წლით ადრე იქვე დაიღუპა მაკა წიკლაურის ვაჟი, 14 წლის ნოდარ შამათავაც. ორივე დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის – GWP-ს წინააღდეგ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე – ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის მერიამ გაასაჩივრა – უწყებამ თბილისის ზღვაზე სახიფათო ადგილების დაცვის ვალდებულება არ აღიარა და მიიჩნია, რომ მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი თავად არ არის.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 ივლისს დაიწყო კამპანია “იცურე მშვიდად” ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ.
2019 წლის 24 სექტემბერს დღეს თბილისის ზღვაზე, ე.წ. კოშკთან კამპანია “იცურე მშვიდად” ფარგლებში აქციაც გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ადგილას წლების განმავლობაში კუსტარული პლაჟია მოწყობილი, მოქალაქეები კი მაშველების არყოფნის პირობებში იხოცებიან. აქციის მონაწილეები თბილისის მერიას მოუწოდებდნენ შეესწავლათ და დაედგინათ, რამდენად უსაფრთხოა ბანაობა თბილისის ზღვაზე მოქალაქეების მიერ კუსტარულად მოწყობილ რეკრეაციულ ადგილებში. თუმცა, დღემდე არაფერი იცვლება.
მოთხოვნები დღესაც იგივეა – იმ ადგილას, სადაც გასულ წელს აქცია გაიმართა, გუშინ ორი მოზარდი დაიხრჩო, დედაქალაქის მერია კი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისის ზღვაზე საშიში ადგილები შემოზღუდოს ბარიერებით, გააკრას გამაფრთხილებელი ბანერები და სიღრმისეულად შეისწავლოს ტერიტორია.
გუშინ მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.
“სამწუხაროდ ხელისუფლების გულგრილობას კვლავ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. გუშინ თბილისის ზღვაზე კიდევ ორი მოზარდი დაიღუპა. წყლის ობიექტებზე არსებული საფრთხეების შესახებ აუცილებელია, საზოგადოება დროულად იყოს ინფორმირებული,” – წეს ნანუაშვილი.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, დედაქალაქის მერია თავს ვალდებულად არ თვლის, გატააროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. ამის შესახებ ცქიტიშვილმა “მეტრონომთან” განაცხადა.
“2017 წელს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დახმარებით ორმა დაზარალებულმა ოჯახმა შევიტანეთ ადმინისტრაციული სარჩელი მერიისა და GWP-ის წინააღმდეგ. მოვითხოვთ კომპენსაცისაც 100 000 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ კომპენსაციის ნაწილში მოპასუხე მხარედ დატოვა GWP და ქმედების განხორციელების ნაწილში მერია – მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა ბანერებისა და საინფორმაციო აბრების განთავსება, თუმცა უწყებამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა – თვლის, რომ აღნიშნული ზომები არ უნდა გაატაროს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არსებობს პრეცენდენტული გადაწყვეტილებები, რომ სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა გაატაროს დაცვითი ღონისძიებები, თუმცა თბილისის მერიას მიაჩნია, რომ მან ეს ვალდებულებები არ უნდა შეასრულოს. ამასთან, მუნიციპალიტეტს არ სურს კომპენსაციების გაცემა და საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება,” – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობამ უნდა შეისწავლოს თბილისის ზღვის აღნიშნული ლოკაცია და დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა იქ ოფიციალური პლაჟის მოწყობა.
“კოშკის ტერიტორიაზე, სადაც გუშინდელი შემთხვევა მოხდა, მოწყობილია კუსტარული ზონა, რომელიც ოფიციალური პლიაჟი არ არის. იქ არ არიან მაშველები, ამიტომაც ხშირია უბედური შემთხვევები. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მერიამ შეისწავლოს აღნიშნული ლოკაცია, დაადგინოს შესაძლებელია თუ არა იქ პლაჟის მოწყობა და მაშველების განთავსება. თუ პლაჟის მოწყობა სახიფათოა, ამ შემთხვევაში მერიამ უნდა დაამაგროს გამაფრთხილებელი ბანერები და დააყენოს დარაჯი, რომელიც გააფრთხლებს მოქალაქეებს. ასევე, შესაძლებელია ტერიტორიის მესერით შემოღობვაც. ადგილობრივი თვითმმართველობოს კოდექსით მერიას განსაზღვრული აქვს წყლის ობიექტების მართვის ვალდებულება, მართვაში კი აღნიშნული საკითხებიც შედის,” – განუცხადა ალეკო ცქიტიშვილმა “მეტრონომს”.
ამგვარად, სასიცოცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თბილისის მერია აღარ იყოს გულგრილი თბილისის ზღვის დაუძლეველი პრობლემატიკის მიმართ, რომლის მოგვარებასაც რეალურად მხოლოდ კეთილი ნება სჭირდება – სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვასა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაზე, იმისათვის, რომ დაცული გარემოსთვის შესაბამისი სტანდარტების არქონას ადამიანები აღარ ეწირებოდნენ.
ნათია ალავიძე