“რუსეთი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანოს ჟურნალისტთა უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია” – ასეთი კომენტარი გააკეთა “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” (IAGJ) პრეზიდენტმა ზვიად ფოჩხუამ მას შემდეგ, რაც “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ” (IFJ) დააანონსა, რომ აფხაზეთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
აღსანიშნავია რომ “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ” დაარღვია თავისივე შიდაგანაწესი, რომელშიც ზედმიწევნითაა გაწერილი ახალი წევრების მიღების წესი. წყარომ, რომელიც დაკავშირებულია “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან” გაზეთ FINANCIAL-ს აცნობა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში “რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი”, რომელიც აფილირებულია რუსეთის ხელისუფლებასთან, ცდილობდა მოეძებნა მომხრეები, რომ აფხაზური ორგანიზაცია საერთაშორისო ჟურნალისტური ქოლგის ქვეშ შეეყვანა. ამჟამად, IFJ-ის მაროკოს წარმომადგენელი იუნეს მ’ჯაჰედი ხელმძღვანელობს.
“აღნიშნულმა წყარომ გვითხრა, რომ რუსული ორგანიზაცია ცდილობდა მოესყიდა კიდეც “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” წონიანი წარმომადგენლები. ეს გადაწყვეტილება IFJ-ის გაანადგურებს როგორც სტრუქტურას” – აცხადებს ზვიად ფოჩხუა “მეტრონომთან”.
“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ”, საპროტესტო წერილი გაუგზავნა “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” პრეზიდენტს, რომელშიც გამოთქმულია უკიდურესი აღშფოთება მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. წერილში აღნიშნულია რუსული ორგანიზაციის აქტიური როლის შესახებ და მის ამჟამინდელ გავლენებზე “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში”.
“აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ამ დროისთვის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო ყველა თავის რეზოლუციაში ცალსახად აღნიშნავს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რითაც მუდმივად ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩანს, რომ “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურად მოტივირებულია, ვიდრე შეცდომა. ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოყვეყნებული რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დროშები იყო არაეთიკური და აღიქმება, როგორც სეპარატიზმის მხარდაჭერა. – აღნიშნულია განცხადებაში.
“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” პრეზიდენტის, ზვიად ფოჩხუას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო განხილული და შეთანხმებული IFJ-ის წევრ ორგანიზაციასთან (“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”) საქართველოში. მისი თქმით, ქართულმა ორგანიზაციამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში, IFJ-ის ვიცე-პრეზიდენტის ცინიკური პოსტის გამოქვეყნების შემდეგ შეიტყო.
“IFJ-ის აღმასრულებელი კომიტეტის ეს გადაწყვეტილება ანგრევს თავად ამ ორგანიზაციის ავტორიტეტს, რომელიც ყოველთვის პატივს სცემდა საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებებს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს შესაბამის რეაქციებს, რამაც შესაძლოა რამდენიმე წევრი ორგანიზაციის მხრიდან IFJ-ის რიგების დატოვება გამოიწვიოს. ჩვენ ვთხოვთ IFJ-ის აღმასრულებელ კომიტეტს გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება თავად IFJ-ის კონსტიტუციას. ჩვენ მოვითხოვთ IFJ-სგან შეცვალონ გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდან ჩვენ გიდასტურებთ, რომ მზად ვართ აფხაზი ჟურნალისტები მივიღოთ “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” წევრებად, რომლებსაც ექნებათ ხმის უფლება საერთაშორისო ორგანიზაციაში” – აღნიშნულია საპროტესტო განცხადებაში. (განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ)
გენო ჯოხიძე