კიევის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება გაკეთდა.
მათი ინფორმაციით, ხორციელდება მგზავრების ევაკუაცია. აეროპორტში ნაღმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა, თუმცა, პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.
ამავე დროს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში, მეტროსადგურ „მინსკაიასთან“ ახლოს, ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს.
„ტექნიკოსებმა ბაზარში ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია ანონიმურმა პირმა მოგვაწოდა, რომელმაც დაახლოებით 12:00 საათზე დარეკა. სამართალდამცავებმა და გამნაღმველებმა აღნიშნული ინფორმაცია შეამოწმეს და სახიფათო ნივთები აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი მოწყობილობები განეიტრალებულია“ – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ავტობუსი დანაღმულია, ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის დამონტაჟებული.