გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გენერალური პროკურატურის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, გადაიდოს საქმეში დაპატიმრებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი. როგორც ცნობილია, წინასასამართლო პროცესი 31 ივლისს იყო დანიშნული.
რაც შეეხებათ წინასწარ პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს მათზე “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” მოთხოვნა ვრცელდება, რის მიხედვითაც, სავალდებულოა, რომ მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისსხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა.
“ვინაიდან საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზსა და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.
ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში” – წერია განცხადებაში.
პროკურატურა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს იმას, რომ შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათ ახალი ბრალი წარედგინოთ.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.