ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც ატყუებდა მოსახლეობას”: რა პრინციპით შეირჩა ირაკლი ქადაგიშვილი

დღეს  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში კანდიდატად კახეთის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი დასახელდა. ოლქები გაიზარდა, გაზრდილი ოლქების წარმომადგენლობა  კი პარლამენტში გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი ელექტორატის მიმართ. ამ ფონზე საინტერესოა, რა დამსახურება აქვს ირაკლი ქადაგიშვილს კახელი ამომრჩევლის წინაშე და რა მიღწევებისთვის გამოუცხადა მას ნდობა მმართველმა პარტიამ.

2016 წლის 7 ივლისს ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა. როგორც მან განმარტა, ეს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  იგეგმებოდა „თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრის კახეთის გუბერნატორად დანიშვნა, რაც 16 სექტემბერს დადასტურდა კიდეც – მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად სწორედ  ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. “მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე,“ – ამ სიტყვებით დაახასიათა კვირიკაშვილმა კახეთის ახალი გუბერნატორი და მომავალ საქმიანობაში წარმატებებიც უსურვა.

სიანტერესოა, რეალურად  რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ირაკლი ქადაგიშვილის საქმიანობა კახეთის მხარეში? ასევე, საყურადღებოა, მმართველი პარტიის მიერ  რა კრიტერიუმები იქნა გამოყენებული მის  მაჟორიტარ კანდიდატად შერჩევისას. გუშინ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატები შეირჩნენ  სამი მთავარი კრიტერიუმის საფუძველზე, ესენია: გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ჩნდება კითხვა,  მთელი ამ დროის განმავლობაში იჩენდა თუ არა ქადაგიშვილი კეთილსინდისიერებას  კახეთის მოსახლეობის მიმართ  და ასრულებდა თუ რა იგი გაცემულ დაპირებებს?

თუ გადავხედავ  ქადაგიშვილის  მოღვაწეობას სახელმწიფო რწმუნებულის რანგში, აღმოვაჩენთ, რომ მის სახელს არაერთი შეუსრულებელი დაპირება და განუხორციელებელი პროექტი უკავშირდება. ამის ნათელი მაგალითია 2018 წელს ქადაგიშვილის მიერ დაანონსებული კახეთის რკინიგზის აღდგენის სტრატეგიული პროექტი. კერძოდ, გუბერნატორმა ორი წლის წინ განაცხადა, რომ კახეთის რეგიონში გასული საუკუნის 90-იან წლებიდან განადგურებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა  „აზიის განვითარების ბანკის“ ჩართულობით აღდგებოდა, 2019 წელს კი  პროექტი უკვე მზად იქნებოდა.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იქნება“, – ამბობდა მაშინ ირაკლი ქადაგიშვილი.

თუმცა საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პროექტი, მორიგ “შეუსრულებელ დაპირებად” ტრანსფორმირდა – ქადაგიშვილმა კახეთს რკინიგზის აღდგენა ტყუილად აღუქვა.

რაც ყველაზე მთავარია, საქმე გვქონდა არა მხოლოდ დაპირების არშესრულებასთან, არამედ, სავარაუდოდ, ფაქტობრივ ტყუილთანაც  –  “მეტრონომმა” წერილი მიიღო როგორც “აზიის განვითარების ბანკისგან”, ასევე “საქართველოს რკინიგზისგან”. (იხილეთ აქ) ორივე ორგანიზაცია ხაზგასმით აცხადებდა, რომ რკინიგზის აღდგენა/მოლაპარაკებების პროცესში ისინი ჩართულები საერთოდ არ ყოფილან. “გაცნობებთ, რომ “აზიის განვითარების ბანკს” საქართველოში არ აქვს არც ერთი დასრულებული, მიმდინარე, ან დაგეგმილი პროექტი რკინიგზის მიმართულებით,” – აღნიშნული იყო გამოცემისადმი გამოგზავნილ წერილში.

ამგვარად, გეუგებარია რატომ გააჩინა ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობაში მცდარი მოლოდინი და რას ეფუძნებოდა მისი განცხადებები, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა “აზიის განვითარების” ბანკი უარყოფდა მისი ჩართულობით ყოველგვარი პროექტის არსებობას რკინიგზის აღდგენის მიმართულებით, და უფრო მეტად გაუგებარია, რა პრინციპით შეარჩია “ქართულმა ოცნებამ” ასეთი პერსონა მაჟრიტარ კანდიდატად, ანუ სანდო პოლიტიკურ პიროვნებად, რომელიც დიდი შედეგებით ნამდვილად არ გამოირჩევა?!

ასეა თუ ისე, დღეს გაირკვა, რომ ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნების” სახელით თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. მისი პოლიტიკური მეტოქე, დიდი ალბათობით,  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი იქნება. ბოტკოველი, რომელიც ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, წარსულში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მეტრონომთან” საუბრისას მან კახეთში  ირაკლი ქადაგიშვილის საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მოქმედ გუბერნატორს არც ერთი გაცემული დაპირება არ შეუსრულებია.

ბოტკოველმა ყურადღება გაამახვილა ქადაგიშვილის მიერ  2018 წელს დაანონსებულ  კახეთის რკინიგზის აღდგენის პროექტზე და განაცხადა, რომ ეს დაპირება იყო მხოლოდ და მხოლოდ პიარული სვლა.

“გუბერნატორობა მესამე სართულზე ჯდომა და კაბინეტიდან არგამოსვლა არ არის. გუბერნატორობა ხალხის მსახურებაა. სათანადო პასუხს მიიღებს ამომრჩევლისგან ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი. მან იმდენ პროექტზე ისაუბრა –  ხან რკინიგზა გააკეთა, ხან საბაგიროები გაჭიმა, ხან შემოვლითი გზები აკეთა, ხან გვირაბები აშენა. ერთი ახალი რამ გვანახოს კახეთში და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მართლაც ეფექტურია მისი საქმიანობა. რკინიგზაზე გაცემული მასშტაბური დაპირება არის ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითი იმისა,  თუ როგორ  იყებენენ საჭირო დროს დაპირებებს პიარისთვის. ეს არის პოპულიზმი და ტყუილი,” – განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, ქადაგიშვილის გუბერნატორობის პერიოდში კახელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, რაც არჩევნებზე მის სასაგებლოდ  ნამდვილად ვერ იმოქმედებს.

“ქადაგიშვილის გაკეთებული საქმე კახეთში არავის არ უნახავს. უკან და უკან წავიდა გლეხის ცხოვრება, უკან წავიდა ბიზნესმენის  ცხოვრებაც და ყველა იმ ადამიანისა, რომელმაც რაღაც უნდა აკეთოს კახეთში. ალბათ, ამომრჩევლები მიიღებენ იმ გადაწყვეტლებას, რომელიც მათი ცხოვრებისთვის უკეთესი იქნება. ეს გადაწყვეტილება არმგონია ქადაგიშვილისთვის სასარგებლო იყოს. რომელი დაპირება უნდა შეესრულებინა? რომელი რკინიგზა უნდა აღედგინა? ატყუებდა მოსახლეობას. მესამე სართულიდან არ ჩამოსულა. ზაფხულში გრილ კაბინეტში იჯდა და ზამთარში თბილ კაბინეტში,” – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით უნდა ჩატარდეს. საქართველოს მოსახლეობა 120 დეპუტატს პროპორციული სიით, 30-ს კი მაჟორიტარული ოლქების მიხედვით აირჩევს.

ნათია ალავიძე

იტვირთბა....