მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. რა პრინციპით შეირჩნენ 30 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები და რა პოლიტიკური გამოცდილება აქვთ მათ, “მეტრონომი” ამ საკითხის შესწავლით დაინტერესდა.
გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში მმართველმა პარტიამ კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა. სონღულაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. მან მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 78,54 % მიიღო. პარლამენტში იგი ორი კომიტეტის წევრია – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის. გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“.
საინტერესოა დეპუტატის ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირული თანხები. 2016 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დავით სონღულაშვილის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 290 000 ლარის შემოწირულობა შეიტანეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის წინასაარცევნო პერიოდში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ „გამსახურდიას 5“ (ს/კ – 404882926) „ქართულ ოცნების” სასარგებლოდ 120 000 ლარი გადარიცხა, რაც იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური პარტიისათვის განხორციელებული წლიური შემოწირულობის დადგენილი მაქსიმალური თანხაა. კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა და მისი კაპიტალის 16%-ს დავით სონღულაშვილი ფლობს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამავე კომპანიის წილის 17-17%-ს ფლობს დეპუტატის დედა დარეჯან ღუღუნიშვილი-სონღულაშვილი და ძმა იოსებ სონღულაშვილი. გარდა ამისა, იოსებ სონღულაშვილს კომპანიის პრეზიდენტის პოზიციაც უკავია. ხოლო, კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი ამავე კომპანიის დირექტორი ნუკრი ლიპარტაშვილია.
იმავე დღეს, “ქართული ოცნების” ანგარიშზე გადარიცხეს 60 000 ლარი იოსებ სონღულაშვილმა, ხოლო 60 000 ლარი ნუკრი ლიპარტაშვილმა. ერთობლივად მათ 120 000 ლარი გადარიცხეს, რაც ფიზიკური პირის მიერ პოლიტიკური პარტიის მიმართ წლიური შემოწირულობის ზღვრული ოდენობაა.
უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა განახორციელა დავით სონღულაშვილის მამამ, ბიძინა სონღულაშვილმა. ცნობისთვის, ბიძინა სონღულაშვილს 2000-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.
რაც შეეხება დავით სონღულაშვილის ბიზნესსაქმიანობას, მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ამჟამად 7 კომპანიაში ფლობს სხვადასხვა ოდენობის წილებს – შპს „გამსახურდიას 5“ (16 %), შპს „ედრესი“ (59 %), შპს “დრაი ქლინინგ ჯორჯია“ (16,67 %), შპს „რთველი 2002“ (34 %), შპს „ბელეზა“ (100 %), შპს „შპს „პროგრესი“ (50 %), შპს „ინტერგაზი“ (30%).
სონღულაშვილს საკუთრებაში სხვა უძრავი ქონებაც უფიქსირდება, მის მფლობელობაშია ტაბახმელაში 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დაბა კოჯორიში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე, დაბა კოჯორში არსებული 227,39 კვ.მ-ზე გაშენებული აგარაკი და ყაზბეგის გამზირზე მდებარე 336,3 კვ.მ საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი. ამასთან, დეპუტატის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა დაახლოებით 20 000 ლარს, ხოლო, ნაღდი ფულის სახით დანაზოგი 60 000 აშშ დოლარსა და 29 000 ლარს.
რაც შეეხება თავად დავით სონღულაშვილის პოლიტიკურ გამოცდილებას, ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაშიც მუშაობდა. კერძოდ, სონღულაშვილი 2004 წლიდან ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი იყო. საინტერესოა, რომ ამ პოსტის დაკავების დროს სონღულაშვილი მხოლოდ 21 წლის იყო.
დავით სონღულაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო, ამას მის მიერ განხორციელებული შემოწირულობაც ცხადყოფს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მან “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე 7 000 ლარის შემოწირულობა განახორციელა. ამის შემდეგ მას შემოწირულობა არცერთი პარტიის სასარგებლოდ აღარ განუხორციელებია.
თათა შაიშმელაშვილი