ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჩვენი სტატიები

ექსპერტები სიღარიბის მაჩვენებლის გაუარესებას ელიან: ივანიშვილი კი “ოცნების” გამარჯვებაზე საუბრობს

საქართველოში ყოველი მე-5 მოქალაქე სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. მათი შემოსავალი 166 ლარზე ნაკლებია. სიღარიბის ზღვარს მიღმა ერთ, ან ორ ბავშვიანი ოჯახების 24, 5 პროცენტი და მრავალშვილიანი ოჯახების 34 პროცენტია. 88 პროცენტს არანაირი დანაზოგი არ გააჩნია. საქართველოში ყოველ 1000 ადამიანში 645-ს საბანკო სესხი აქვს აღებული. ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. 54 პროცენტი ფიქრობს, რომ საჭიროების შემთხვევაში უპროცენტოდ 300 ლარსაც კი ვერ ისესხებს. (ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, UNICEF 2017 წ.). ანუ, ეს კორონამდე პერიოდია. არადა ექსპერტები “მეტრონომთან” მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას ვარაუდობენ. ამასობაში კი მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი გააჩნია,  მომავალ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს.

„რა მნიშვნელობა აქვს კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი?“ – ეს ის კითხვაა, რომელიც ყველაზე მწვავედ ასახავს პანდემიის პირობებში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისსა და იმ დაუძლეველ სიღარიბეს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას კოვიდ 19-მდეც აწუხებდა, კოვიდ 19-ის შემდგომ კი მან გაცილებით დიდი მასშტაბები შეიძინა. გაზრდილი ხარჯები, შემცირებული შემოსავლები, დაკარგული სამუშაო ადგილები და  საარსებო წყაროები – ეს არის კოვიდრეალობა; რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეკონომიკური შოკი ყველაზე დიდ დარტყმას ღარიბ, მოწყვლად და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს აყენებს – სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიამდეც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ახალწარმოქმნილი კრიზისის შემდგომ  კი მათი ისედაც რთული ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა და უიმედო გახდა.

რა რეალობაში ვცხოვრობდით კოვიდ 19-მდე? როგორი იყო  ციფრებსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებში გამოსახული სიღარიბე?

Unicef-ის ბოლო, 2017 წლის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მათი შემოსავალი კი თვეში 166 ლარზე ნაკლებია. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ერთი ან ორ ბავშვიანი ოჯახების 24,5% და მრავალშვილიანი ოჯახების 34,4%.  მოსახლეობის 88%-ს არანაირი ფულადი დანაზოგი არ გააჩნია.

რას აკეთებს სახელმწიფო კოვიდ 19-ის პირობებში უკეთესი სოციალური დაცვის შესამუშავებლად და ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარი გათვლით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მსოფლიოში, საუკეთესო შემთხვევაში, 5.3 მილიონი, ხოლო უარეს შემთხვევაში, 24.7 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგება. დასაქმების მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნის შედეგად გამოწვეული სიღარიბისა და უთანასწორობის შესამცირებლად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, დროულად შეიმუშაონ დასაქმების, საშემოსავლო დახმარებისა და მოხმარების წამახალისებელი სახელმწიფო პოლიტიკა, რაც  საჭიროა არა მხოლოდ დასაქმებულთა დასაცავად, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური ვარდნის აღსაკვეთად.

მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც უცხოელი დონორებისა და პარტნიორებისგან მიღებული 3,5 მილიარდი ლარის ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებზე გადანაწილებას ისახავს მიზნად. ეკონომიკისა და მეწარმეობის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდ 110 მილიონი ლარის გამოყოფა დაანონსდა, რომელიც უნდა განაწილდეს მოქმედი კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებაზე.

გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებული მოქალაქისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადად 300 ლარის დახმარება, რა თქმა უნდა, თუ ის შემოსავლის დაკარგვას დაასაბუთებს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 75 მლნ ლარი გამოიყოფა და ნავარაუდებია 250 ათასამდე მოქალაქის დახმარება, თუმცა  თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება დაახლოებით 250 000 ბენეფიციარს ითვალისწინებს, მაშინ, როცა რეალურად თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 800 000-ია. იდენტიფიცირების სირთულემ გამოიწვია ის, რომ თვითდასაქმებულთა  დიდმა ნაწილმა,  მაგალითად, ძიძებმა, მძღოლებმა, ხელოსნებმა, რეპეტიტორებმა და ა.შ კომპენსაცია ვერ მიიღეს.  აქ იკვეთება კიდევ ერთი პრობლემაც – სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც  სახელმწიფო დახმარებას იღებენ, შემოსავლის ოფიციალურად დადასტურებას ერიდებიან, რათა დახმარების მიღების უფლება არ დაკარგონ.

საგულისხმოა, რომ მთავრობამ დააწესა 600 ლარიანი დახმარება 65 000 დან 100000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, რომლებიც კრიზისის გამო დამატებითი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ეს ცალსახად პოზიტიური ფაქტია, მაგრამ გეგმაში რამდენიმე მოწყვლად ჯგუფზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. მაგალითად, ანტიკრიზისული გეგმა არ ითვალისწინებს უსახლკაროთა დახმარებას, რომლებიც კორონავირუსის პირობებში კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მათ სახელმწიფო საერთოდ ვერ ხედავს და სოციალური დაცვის სისტემის მიღმა ტოვებს.

შერჩევითია სახელმწიფოს მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართაც. ანტიკრიზისულ გეგმაში ხაზგასმულია, რომ დახმარება შეეხება მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ჩნდება კითხვა, რატომ არ აღმოუჩინა სახელმწიფომ მხარდაჭერა შშმ თემის სხვა წარმომადგენლებს და რატომ არ გაითვალისწინა მათი საჭიროებები?

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე  „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში დახმარებები გარკვეულწილად არასამართლიანად გადანაწილდა.

„საჭიროა სწორი იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, რათა თანხები წარიმართოს მიზნობრივად. უნდა გამოიყოს ისეთი დახმარება, რომელიც არ იქნება ერთჯერადი და ადამიანების მისცემს იმის საშუალებას, გრძელ ვადაში შეძლონ ეკონომიკური პრობლემების დაძლევა. თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა სწორად და დროულად“ – აღნიშნა კეპულაძემ.

აქამდე ჩვენ ვიხილეთ მხოლოდ სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც შეიძლება ითქვას, არასამართლიანად განაწილდა,“ – განაცხადა გიორგი კეპულაძემ „მეტრონომთან“ საუბრისას.

ეკონომიკის ექსპერტი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი, ბესო ნამჩავაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ  პოსტ-კორონა პერიოდში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რასაც სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა მოყვება.

„სამომავლოდ, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. წელს ეკონომიკა სულ მცირე 5%-ით შემცირდება, რაც ნიშნავს რომ დაახლოებით  3 მილიარდ ლარამდე დაიკარგა, ეს თანხა კი სხვადასხვა მოწყვლად ფენას მოაკლდება. გაზრდილია ფასები, რაც ტვირთად დააწვება მოსახლეობას, მითუმეტეს შემცირებული შემოსავლების ფონზე. უმუშევრობა უკვე გაზრდილია, სიღარიბის მაჩვენებელიც გაიზრდება. გარდაუვალია, რომ სოციალური სიტუაცია საქართველოში გაუარესდება,“ – განაცხადა „მეტრონომთან“ ნამჩავაძემ.

საქართველოში ყოველი მე-5 მოქალაქე სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. მათი შემოსავალი 166 ლარზე ნაკლებია. სიღარიბის ზღვარს მიღმა ერთ, ან ორ ბავშვიანი ოჯახების 24, 5 პროცენტი და მრავალშვილიანი ოჯახების 34 პროცენტია. 88 პროცენტს არანაირი დანაზოგი არ გააჩნია. საქართველოში ყოველ 1000 ადამიანში 645-ს საბანკო სესხი აქვს აღებული. ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. 54 პროცენტი ფიქრობს, რომ საჭიროების შემთხვევაში უპროცენტოდ 300 ლარსაც კი ვერ ისესხებს. (ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, UNICEF 2017 წ.). ანუ, ეს კორონამდე პერიოდია. არადა ექსპერტები “მეტრონომთან” მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას ვარაუდობენ. ამასობაში კი მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი გააჩნია მომავალ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს.

ნათია ალავიძე

იტვირთბა....