ადამ კინზინგერი, აბიგეილ სპანბერგერი და მაიკლ მაკოლი რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის შესყიდვის გამო თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან.
ამერიკელი კონგრესმენები თურქეთისთვის სანქციების დაწესებას „რუსული შეიარაღების ექსპორტის აკრძალვის შესახებ“ კანონის ფარგლებში სთავაზობენ.
კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ „თურქეთმა განაგრძო საეჭვო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ ასახავს ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერობას“.
„ერთი წლის წინ თურქეთმა უგულებელყო ნატოს წევრების გაფრთხილება ამ შეიარაღების შესყიდვის თაობაზე. ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რომ მათი ქმედებები სერიოზული შედეგების მომტანი იქნება“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსეთისგან С-400-ის შესყიდვამ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში კრიზისი გასული წლის ივლისში გამოიწვია. აშშ-მა თურქეთს აღნიშნულ შეთანხმებაზე უარის თქმა მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა თურქეთს საზენიტო-სარაკეტო სისტემის პირველი პარტია უკვე მიაწოდა.