რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს და დიალოგისკენ მოუწოდებს.
“შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ.
სამწუხაროდ, თბილისი პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობასა და პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, წერტილი დაუსვას პროვოკაციულ მოქმედებებსა და განცხადებებს და გამოიყენოს დიალოგის ყველა ხელმისაწვდომი ფორმატი რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის დისკუსიები და ასევე, კარასინ-აბაშიძის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატი, რათა არსებული პრობლემები კონსტრუქციული გზით გადაიჭრას.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება კიდევ ერთხელ ამტკიცებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ოფიციალური მოსკოვი ასევე, „პროვოკაციული კომენტარებისთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს.
„ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას,“- აღნიშნულია განცხადებაში.