ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ქავთარაძის N72-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
სკვერში განთავსდება საბავშვო ზონა კომპლექსური ატრაქციონებით, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაირგვება მცენარეები.
სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.
“გარკვეული დროის განმავლობაში, ამ მისამართზე მოსახლეობას სხვადასხვა თხოვნა ჰქონდა. შედგა რამდენიმე შეხვედრა. ადგილობრივების აქტიური ჩართულობით და მათი შეხედულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. მალე ეზოში კეთილმოეწყობა დასასვენებელი სივრცე, ასევე, განახლდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა საერთო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტების დაფინანსების შედეგად, მათ საერთო ანგარიშზე დაგროვდება გარკვეული თანხა, რასაც ასევე, საკუთარი საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმარენ”, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტის ღირებულება 125 500 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ამავე მისამართზე გამგეობის მიერ დაფინანსდა კორპუსის ოთხივე სადარბაზოს საერთო სარგებლობის კიბეების განახლება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯება და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციია, რაზეც 5 000 ლარია გამოყოფილი. კორპუსების უკანა ფერდობზე კი, კიბის მოწყობაა დაგეგმილი.