განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ იიღო.
“აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.
კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში” – ნათქვამია განცხადებაში.