ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი წულუკიანის მიერ გამოცეულ ბრძანებას კონკრეტული სფეროს მიმართ მიზანმიმართულ მოქმედებად მიიჩნევს
მას შემდეგ რაც პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა და მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა, იუსტიციის მინისტრმა კორონავირუსთან ბრძოლა მიზანმიმართულად გამოიყენა და ქვეყანაში სამედიცინო კლინიკების მომსახურება უცხოელ კლიენტებს აუკრძალა. საუბარია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოცემულ ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხელოვნური(ინ ვიტრო) განაყოფიერებით უშვილობის მკურნალობას აფერხებს და უცხოელ წყვილებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურების მიღება სურთ, ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
ადამიანები, რომლებსაც უნაყოფობის პრობლემა აწუხებთ, ხშირ შემთხვევაში ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართავენ. შესაბამისი პროცედურის სამართლებრივი გაფორმება სანოტარო ბიუროებში ხდება. წულუკიანის მიერ დამტკიცებული ბრძანებით კი, უცხოელ წყვილებს საქართველოს კლინიკებში ამ მომსახურების მიღება ჯერ 2020 წლის 15 ივლისამდე, ახლა კი უკვე 2021 წლამდე შეეზღუდათ და ამის მიზეზად კორონავირუსთან ბრძოლა სახელდება. 2020 წლის 15 ივლისს გამოცემული ბრძანება სანოტარო საქმიანობას ეხება, რომლის ერთ-ერთ პუნქტში განმარტებულია შემდეგი – “ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ექსტრაკორპორული განაყოფიერების შესახებ დადებული ხელშეკრულების საჯარო ან კერძო სანოტარო აქტით დამოწმება, მათ შორის, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, არ დაიშვება, თუ ბავშვის მშობლებიდან ერთ-ერთი მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.” აღსანიშნავია, რომ უცხოელ მომალაქეებს სანოტარო ბიუროში მხოლოდ და მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ არსებული ხელშეკრულების დამოწმება ეზღუდებათ, სხვა მიმართულებით კი მათ ნოტარიული მომსახურების მიღების სრული თავისუფლება აქვთ.
იუსტიციის მინისტრის ეს ბრძანება უამრავ კითხვას ბადებს. კერძოდ, თუ სანოტარო საქმიანობაში გარკვეული შეზღუდვები კორონავირუსის გავრელების პრევენციის მიზნით წესდება, რატომ ეხება ეს შეზღუდვები მხოლოდ უცხოელ მოქალაქეებს და რატომ არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ანდა რატომაა უცხოეთის მოქალაქეებისთვის სანოტარო ბიუროში მომსახურების შეზღუდვა მხოლოდ ამ მიმართულებით?! ჩნდება ეჭვი, რომ იუსტიციის სამინისტრო ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის ბიზნესს მიზანმიმართულად ებრძვის, რასაც თეა წულუკიანის მიერ დამტკიცებული სხვა ბრძანებებიც მოწმობს.
“მეტრონომი” შეეცადა, თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან გაერკვია, რას ნიშნავს იუსტიციის მინისტრის ეს ბრძანება და მათ ზემოთ აღნიშნული კითხვებით მიმართა.
ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცეულ ბრძანებას კონკრეტული სფეროს მიმართ მიზანმიმართულ მოქმედებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანი ამ ბიზნესს უკვე დიდი ხანია მიზანმიმართუად ებრძვის. კუკუნაშვილის თქმით, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკების ექიმები ერთიანდებიან და სასამართლოში შესატანად სარჩელსაც ამზადებენ.
“ეს ბრძანება არანაირად არ ემსახურება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას, იმიტომ რომ ბევრი უცხოელის გაყინული ემბრიონია, რომელთა გადატანაც არანაირ პრობლემას წარმოადგენს, თუ ქართველებისთვისაა დაშვებული ემბრიონის გადატანა და კორონავირუსი ამ შემთხვევაში არ გადადის, უცხოელებთან ემბრიონის გადატანით გადადის კორონა?! ეს არის წულუკიანის მიზანმიმართული პუტინისტური პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად დაანგრიოს ეკონომიკა, გაგვაჩერა კლინიკები, გააჩერა ტურიზმი. მე წულუკიანს თამამად შემიძლია ვუწოდო ინ ვოტრო განაყოფიერების მინისტრი, ქალი თვენახევარში ერთხელ ინ ვიტრო განაყოფიერებაზე ახალ-ახალ ბრძანებებს წერს. მისთვის ეს თემა აკვიატებულია. აქამდე აკრძალა, რომ ემბრიონები ვერ უნდა გამოიყენო თუ 10 წელზე მეტია გაყინული. მე ამაზე სარჩელი შემაქვს, ვინაიდან ჩემს ემბრიონებს გასდის ვადა და წულუკიანმა უნდა გადამიწყვიტოს, მე შვილი როდის მეყოლება? ექიმები ერთიანდებიან და ერთობლივი სარჩელი შევა ამის წინააღმდეგ,” – აცხადებს მარიამ კუკუნაშვილი.
ნანა კვერნაძე, რომელიც პროფილურ კლინიკას წარმოადგენს, აცხადებს, რომ უცხოელი პაციენტებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობას კორონავირუსამდეც ებრძოდნენ და უცხოელ პაციენტებს მომსახურების მიღებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიდნენ.
“კორონავირუსამდეც ძალიან გაუგებრად ექცეოდა თვითონ პაციენტებს. უცხოელ პაციენტებს ძალიან ებრძოდნენ. ეს რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად კეთდება. როგორც ყველა უცხოელი ბიზნესისა და ინვესტორის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე. კორონავირუსამდე ვინც იყო, იმათაც ძალიან გაუპრობლემეს საბუთების გაცემა. პაციენტებს არც სჭირდება საქართველოში ჩამოსვლა, ვისაც აქ დატოვებული აქვს თავისი ბიოლოგიური მასალა, ან უკვე შექმნილი და გაყინული ემბრიონები. ამის მიუხედავად, ნოტარიუსებს უკრძალავენ ხელშეკრულებების გაფორმებას,” – განაცხადა ნანა კვერნაძემ.
“მეტრონომი” ასევე, დაინტერესდა, არის თუ არა სამართალდარღვევა უცხოელ მოქალაქეებს შეეზღუდოთ უფლება, რომ წარადგინოს ნდობით აღჭურვილი პირი, რომლის დამხარებითაც სხვა ქვეყანაში განახორციელებს მისთვის სასურველ საქმიანობას. იურისტი თამთა ჯღარკავა ჩვენთან აცხადებს, რომ დამტკიცებული ბრძანება ნამდვილად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
“საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია სანოტარო ხელშეკრულების გაფორმება მინდობილი პირის მონაწილეობით. ზოგადად, მინდობილობა შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერმა, თუ ამაზე კანონით არაა შეზღუდვა. სუროგაციის ხელშეკრულებები ყოველთვის ასე კეთდება მინდობილი პირის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, მშობლებს ქვეყანაში ჩამოსვლა არ სჭირდებათ. მინდობილობას აკეთებენ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ, ეს მინდობილობის ფორმა წინასწარ ეგზავნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მინდობილობას აგზავნიან საქართველში და შემდეგ აფორმებენ ხელშეკრულებას მინდობილი პირები.
მინდობილი პირი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. სუროგაციის პროცესში მონაწილეობენ სააგენტოები და კლინიკები და ყველა სააგენტოს ჰყავს ერთი თანამშრომელი, რომელიც მინდობილობას იღებს. ესაა სპეციალურად გამოყოფილი პოზიცია, რომელზეც დანიშნულია სპეციალური თანამშრომელი. ამ თანამშრომელზე ჩამოდის მინდობილობა, ის მიდის სანოტარო ბიუროში და აწერს ხელს. შესაბამისად, არანაირად არაა იმის საჭიროება, რომ საქართველოში უცხოელები ჩამოვიდნენ და იარონ სანოტარო ბიუროში. აქედან გამომდინარე ამ ბრძანებით არაპროპორციულად ხდება ჩარევა ადამიანის უფლებებში, რადგან სუროგაციის ხელშეკულებების გამფორმებით საფრთხის ქვეშ არ დგება საზოგადოების ჯანმრთელობა.
რატომ ებრძვის იუსტიციის მინისტრი ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის ბიზნესს და რა მოტივი ამოძრავებს მას, “მეტრონომი” ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს. ამ ეტაპზე კი ფაქტია, რომ მთავრობისთვის 2021 წლამდე უფლებების გახანგრძლივება, პარლამენტის გვერდის ავლით დააწესოს შეზღუდვები, ამას საჯარო უწყებები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ.
თათია შაიშმელაშვილი