ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამჯერად პეკინის გამზირზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ამჯერად, პეკინის გამზირზე ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კასლაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო პავილიონები განთავსდება.

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, პრიორიტეტი სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს.

„იცით, რომ დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი ვაგონების შემოყვანა და თავად მეტროსადგურების განახლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ამ მიმართულებით, საპილოტე პროექტები უკვე განხორციელებული გვაქვს კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პარკირების სისტემა დაინერგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი საბურთალოს რაიონი იქნება, სადაც 10 აგვისტოდან ათი საინფორმაციო ჯიხური განთავსდება, იმისთვის, რომ მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.

„ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში. უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომობილები და კონკრეტული საპარკინგე ადგილებით უფასოდ ისარგებლონ. პარკინგი ასევე, უფასო იქნება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, პარკინგი ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობის ინფორმირებისა და სხვა შესაბამისი პროცედურების ეტაპობრივი გავლა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ საზოგადოებასთან რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იქონიონ. 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კი 10 სექტემბრიდან ამოქმედდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.

იტვირთბა....