ახალი ამბები მთავარი

“სამწუხაროა, რომ პირადი წყენის გამო მირიან ნიკოლაძის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა პოლიტიკური ელფერი მიიღო” – ჯაში

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მარიამ ჯაში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას  და აღნიშნა, რომ უმძიმესი ტრაგედიებით პოლიტიკური მანიპულირების ნებისმიერი მცდელობა მორალურად გაუმართლებელია, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში.  ამის შესახებ ჯაშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ის განცხადებები, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის მისამართით ჟღერდება, მიუღებელია.

“მოგეხსენებათ, მირიან ნიკოლაძე არის ჩვენი პოლიტილური პარტიის წევრი. 7 ივნისს ჩვენ ერთად დავაფუძნეთ პარტია. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე დღეში მოხდა ტრაგედია და მირიანი არის არა მხოლოდ საქმის ადვოკატი, არამედ გიორგის ბიძა. ის განცხადებები, რომელიც ჟღერდება შაქარაშვილების ოჯახის, განსაკუთრებით, მირიანის მისამართით, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მირიანი როგორც საქმის ადვოკატი , აბსოლუტურად თანმიმდევრულად მიყვება სისხლის სამართლებრივი საქმის დეტალებს.

თუკი, ოჯახი ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენი პოლიტუკური გუნდი ჩაერთოს აღნიშნულ საკითხში და უფრო მეტად დააკვირდეს საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, მზად ვართ. თუმცა, ოჯახის თხოვნის გარეშე, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად აქტიურად ვიყოთ ჩართულები. სამწუხაროა, რომ პირადი წყენის, პირადი დაპირისპირების გამო მირიან ნიკოლაძის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა მიიღო პოლიტიკური ელფერი,”- განაცხადა ჯაშმა.

ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ჩაფარცხვაში ყველა ჩართულია. აღნიშნულის შესახებ მან ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა. “ბიძაა, თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია,”- განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....