პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას მიაჩნია, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად. ამის შესახებ გეგელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაუყონებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
“შაქარაშვილის საქმეში იკვეთება არასწორად წარმართული გამოძიების აშკარა ნიშნები, რაც არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებში კომპეტენციის ნაკლებობას თუ პროფესიულ შეცდომებს. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება სიმართლის გაყალბების და და მალვის ხელშეწყობა. ჩვენი პარტია არ შეეგუება, რომ სახელმწიფოში დაბრუნდეს კრიმინალური მენტალიტეტი და დაუსჯელობის სინდრომი.
ჩვენ არ შევეგუებით “ქართული ოცნების” გამუდმებულ მცდელობებს, შერჩევითად აღასრულონ სამართალი, ჩაფარცხონ საქმეები და ხელი დააფარონ დამნაშავეებს. ამასთან, გიორგი შაქარაშვილის საქმე არ არის ბოლო პერიოდის ერთადერთი გახმაურებული საქმე, სადაც იკვეთება სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების კოლაფსი, რაც კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობის განცდას დამნაშავეებში, ხოლო დაუცველობის და შიშის შეგრძნებას – საზოგადოებაში,“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ და საქმეში დეპუტატის შვილის ფიგურირების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა ცხედარს სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.