სააგენტო “პრაიმკრაიმის” ინფორმაციით, უკრაინიდან ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდის, კახა ორაგველიძის, მეტსახელად “კახა ტბილისკის” დეპორტაცია განხორციელდა, რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტს პუტილსკის რაიონში დააკავეს.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი იმ დროს დააკავეს, როცა რუმინეთში გაქცევას ცდილობდა.
ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინაში უკანონოდ მყოფი ქართველი გაძევებულია ქვეყნიდან და მას 3 წლით ეკრძალება ქვეყანაში შესვლა.
“პრაიმკრაიმის” ინფორმაციით, კახა ორაგველიძე იძებნება ესპანეთის პოლიციის მიერ. ის მძიმე დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული – მკვლელობა და არაკანონიერი გზით მოპოვებული დიდი რაოდენობის ქონების შენახვა. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს 24-წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინული მხარე არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყანაში მოხდა “კახა ტბილისკის” დეპორტაცია.