ახალი ამბები

შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ – “დედ-მამას სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან”

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. მისი თქმით, შაქარაშვილის დედ-მამას სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​. ამის შესახებ ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„სახალხო დამცველს შეხვდნენ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მშობლები, დედა და მამა. მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას. მათ ომბუდსმენთან დააფიქსირეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ, რომ ელოდებიან საბოლოო შედეგებს და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ. ვგულისხმობ ბრალდებების წარდგენას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოჯახმა გამოხატა პოზიცია. პირველი თხოვნა, რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის, რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან. ეს იყო დედის და მამის მთავარი მოთხოვნა“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....