საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი აცხადებს, რომ 19 წლის გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მოსყიდულია. მისი თქმით, ყველა ჩარეულია იმაში, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჩაიფარცხოს. ამის შესახებ მან ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა,
„ჩვეულებრივად ხდება მტკიცებულებების განადგურება, ის ადგილი დაწვეს… ბიძაა თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია. ასევე, ეს ბანდა, რომელიც მათი ბანდაა. ~
ასეთივე ბანდა ჰყავს ივანიშვილის ძმას, რომელსაც არჩევნებზე იყენებს, გაკრიმინალებული სპორტსმენების ბანდა და ციხიდან გამოშვებული პირები, რომელთა ამოცანაა ყველა დაატერორონ, დააშინონ და ა.შ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება არ მივაქციოთ და მერე ნორმალური პროკურორი დაინიშნოს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.