გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული პირის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, გამოძიება თავიდანვე მცდარ გზას დაადგა, რამაც გამოიწვის საბოლოო დასკვნის მიღების დაგვიანება. როგორც გიორგი ყიფშიძემ თქვა, საქმეს თავიდანვე არასწორი კვალიფიკაცია მიეცა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა.
“უამრავი შეცდომა იყო დაშვებული, რასაც პირდაპირ მივაწერ არაკვალიფიციურობას და არასწორ მიდგომას თვითონ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თავშივე ეს ტრაგედია იყო მიწერილი, რომ უბედური შემთხვევა მოხდა და ყველა, მათ შორის გამოძიება, ამ საქმეს უყურებდა, როგორც უბედურ შემთხვევას. ყველაფერი მიყავდა იქით, რომ საბოლოო ჯამში აქცენტი ჰქონდა აღებული უბედურ შემთხვევაზე.
თუმცა, რაღაც კარგიც გაკეთდა, მაგალითად ექსპერტიზის დასკვნა, რაც ამ ეტაპითვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის რომ, გამოიკვეთოს დეკლარირებული 109-ე მუხლი ან რაიმე სხვა მიმართულება, აქ ცალსახად საჭიროა გაცილებით მეტი მტკიცებულება. აუცილებლად უნდა იზეიმოს სიმართლემ” – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.