18 ივნისის ღამეს იაკობ ბრეგვაძე საკუთარი ტელეფონის ნომრიდან რეკავს უცხო ნომერთან. არავინ იცის ვის ესაუბრა ფოტოგრაფი ამ დროს, 112-დან განხორცილებული სატელეფონო ზარის წინ, 91 წამის განმავლობაში და რატომ არის საიდუმლო ამ ზარის ადრესატის ვინაობა – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
შსს-ს ოქმში აღნიშნულია, რომ ბაზაში ეს ნომერი არ იძებნება. ამ ნომერთან საუბრის დასრულების შემდეგ 5 წუთში იაკობ ბრეგვაძის ნომერზე შედის კონკრეტული ზარი, საუბრის ხანგრძლივობა 91 წამს შეადგენს, შსს-ს მასალებში წერია, რომ ეს ნომერი მცხეთის სამორიგეოს ეკუთვნის.
“კითხვები მაქვს და მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს საქმე ამ დონემდე მიიყვანა თავად პროკურატურამ და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათი შეცდომებიდან გამომდინარე , ეხლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ოღონდ ბრალდებულებს დაბრალდეს და მათ არ დაბრალდეთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან ისეთი პირი უჩანს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს არის ფალსიფიცირებული აღნიშნული მტკიცებულება, არ არის წყარო მითითებული. 112-ის შემდეგ საიდან არის ზარი განხორციელებული. ეს ნომერი დაცვის მხარეს არ აქვს მოპოვებული. ასევე ის პირი, ვინც საუბრობს, ხო უნდა მინიმუმ, გამოკითხულიყო მაინც, ვის ესაუბრება, ვინ არის? იქნებ მე მესაუბრა. ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის ის პირი, ვისაც ბრეგვაძე ესაუბრა”, – ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე
ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით კი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რატომ არ ჩანს ეს ნომერი. მისი თქმით, გამოძიების მხრიდან უნდა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზები.
ფოტოგრაფი ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ახლა საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ, იაკობ ბრეგვაძე ვის ესაუბრა 18 ივნისის ღამეს.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.