“მთავარი არხის” ინფორმაციით, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს იმ ღამით 112-ში არ დაურეკავს. მათივე ცნობით, მან დარეკა უცნობ ნომერზე და სწორედ ამ ზარის შემდეგ, დაურეკეს ფოტოგრაფს მცხეთის პოლიციიდან. ამის შესახებ საუბარია “მთავარი შაბათის” ეთერში.
“საგამოძიებო უწყება და იაკობ ბრეგვაძე ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ფოტოგრაფმა დარეკა 112-ში, მოითხოვა დახმარება და საპატრულო ეკიპაჟის ადგილზე მისვლა, თუმცა, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ვნახეთ, რომ იაკობ ბრეგვაძეს 112-ში არ დაურეკავს. მან დარეკა ვიღაცასთან, – უცნობთან, ეს ნომერი არ ფიქსირდება დეტალურ ამონაწერში დ არც შსს-ს მასალებშია.
ისინი ამბობენ, რომ ეს ნომერი არ ფიქსირდება დეტალურ ამონაწერში და საინტერესოა, ვინ არის ეს ადამიანი? ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, რომ მან ნინო გიორგობიანთან დარეკა, მაგრამ ფაქტია, რომ დარეკა ისეთ ვიღაცასთან, ვისაც შეეძლო, პირდაპირ დაერეკა მცხეთის პოლიციაში. სწორედ ამ ზარის შემდეგ პოლიციიდან დაურეკეს იაკობ ბრეგვაძეს” – ნათქვამია “მთავარის” ეთერში.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.