ახალი ამბები

“იმ დღეს მამა ვერ წავიდა ეკლესიაში ბავშვის სულის მოსახსენიებლად. შვილის გაყიდვას მაბრალებენ და როგორ გავიდე სახლიდანო” – შაქარაშვილის ბიძა

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახი ცილისწამებისა და თავდასხმის ობიექტია. მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები მშობლებს ბავშვით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, რის გამოც, გიორგი შაქარაშვილის მამას სახლიდან გასვლაც კი აღარ უნდა.

“ვერ აღგიწერთ ოჯახში რა ხდება თითოეული ამ სიუჟეტის შემდეგ. ვერაფრით გავაგებინე ამათ, რატომ არ არის დაზარალებული ვალდებული, მუშა რეჟიმის კითხვები გამოიტანოს საჯაროდ ყოველ დღე, ტელე-ეთერით. რა კითხვებიც მიჩნდება და გამოძიებას ვუგზავნი, პირდაპირ ეთერში უნდა ვუთხრა დამნაშავეებს? – ამას რომ არ ვაკეთებთ, ამის გამო ოჯახს ნეტა განახათ, როგორ ლანძღავენ და რა შეურაცხყოფებს აყენებენ დედას, მამას, ჩემზე ლაპარაკიც აღარ არის, საერთოდ გამოგვიყვანეს მდგომარეობიდან.

იმ დღეს მამა ვერ წავიდა ეკლესიაში ბავშვის სულის მოსახსენიებლად, დედა და და წავიდნენ მხოლოდ. რატომ არ მიდიხარ ლევან-თქო, რომ ვკითხე, მითხრა, მირიან, იცი რა მძიმე მდგომარეობაში ვარო?! შვილის გაყიდვას მაბრალებენ და როგორ გავიდე სახლიდან, სანამ ყველაფერი არ გაირკვევაო.

ვიღაცები დგანან და მე მეუბნებიან ახლა, შენ საქმეს ხომ აკეთებენ ესენი და რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურად არის თუ არა მოტივირებულიო. თურმე კარგია, კაცო, მეხმარებიან თურმე. ამ დროს ოჯახს მინადგურებენ. აღარ შეგვიძლია უკვე. მე თვითონ მიჩვეული ვარ ამას, მაპატიეთ და სულ ფეხებზე მკიდია მაგათი გინებაც, წყევლაც და კრულვაც, 9 წელი მაგინებდნენ და იმის შემდეგაც მაგინებენ, რაღაც სექტაა ფანატიკოსების.

მე არ მაღელვებს, მაგრამ ეს ხალხი განიცდის, მშობლები გარდაცვლილ შვილს დასტირიან და გარედან ეუბნებიან, გამყიდველები ხართო. აგიჟებთ, გულზე სკდებიან, რომ შედეგები დგება. გიჟდებიან, ნიკოლაძეს რატომ აქვს შედეგები. დავაყენეთ საკითხი ხალხის დაჭერაზე – დაიჭირეს 17 კაცი, დავაყენეთ საკითხი კვალიფიკაზიის შეცვლაზე – შეიცვალა კვალიფიკაცია. ახლა ვითხოვთ, რომ ის 6 კაცი, ვინც გამოედევნა და ბავშვი განზრახ მოგვიკლა პასუხისგებაში მიეცეს 109-ე მუხლით და ესეც შესრულდება, ყველაფერი შესრულდება” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

 

იტვირთბა....