შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ტვ პირველზე”გასული ანონსის შემდეგ 2 პირი დააკავა. როგორც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, დაკავებულებიდან ერთ-ერთი “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შვილია და უწყება ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა დაემალა ეს ამბავი. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“როგორ დაჭრეს კამერების თვალწინ, შსს-ს წარმომადგენლების, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შენობის წინ, სადაც დგას უამრავი სათვალთვალო კამერა 23 წლის ბანკის თანამშრომელი. მას თავი 6-ჯერ გაუტეხეს და დანით დაზინაბები მიაყენეს, ის სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. ამ საქმის ფიგურანტი, დადასტურებული წყაროს ინფორმაციით, არის “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შვილი. ამ თემაზე შსს დუმდა, დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობდა.
“ტვ პირველმა” ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ ფარულად ჩავწერეთ დაზარალებულის მამა, რომელმაც დეტალებში აღწერა სისხლიანი გარჩევის ამბავი. ანონსი ტელევიზიაში გავიდა და ამის შემდეგ მას აკავებს პოლიცია” – განაცხადა მელაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით” – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.