ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის გარდაცვალებაზე გირგვლიანის მსგავსად არაჯეროვანი რეაგირება გვაქვს” – შავგულიძე შაქარაშვილის საქმეზე

გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ შაქარაშვილის შესაძლო მკვლელობის საქმესა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობებს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა.

მისივე თქმით, გირგვლიანის შემთხვევაშიც სახელმწიფომ არასათანადოდ გამოიძია მკვლელობა და იგივე ხდება შაქარაშვილის საქმის გამოძიებისას.

„ხელოვნურად მოხდა ამ საქმის გახლეჩვა. თუ ძალადობის მუხლი დარჩა – ეს ორ წლამდე მუხლია. პროკურატურამ საქმე გააყალბა – ესე ჩატარებული გამოძიება, არაეფექტური, არასწორი კვალიფიკაცია – საერთოდ არ ეხება ამას. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რითაც დაიჭირეს. ის საერთოდ არაა ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში.

ეს არის დროის მოგება, რომ შეიქმნას ყალბი ვერსია, როგორსაც შეძლებენ. ამ ვერსიის მიღების შემდეგ სასამართლო მას მოხსნის. არის ძალადობა, რაც ჩანს – საჭირო იყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მაინც. ამ მუხლიდან თუ გამოიკვეთება განზრახვა, გადახვალ სხვა კვალიფიკაციაზე. მაგრამ არ ასახო მძიმე შედეგი ფაქტი იმ მიზნით, რომ ხელოვნურად გახლიჩო საქმე და ამით დაიცვა ყველა ის ადამიანი, ვისაც დაუყენებ განაჩენს – ამდენ არასწორ მოქმედებას ჰქვია „საქმის გაფუჭება“.

ევროპის სასამართლოს ენაზე ამას ჰქვია სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უზრუნველყო სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ჯეროვანი რეაგირება – მეორე მუხლის დარღვევა იქნა აღიარებული გირგვლიანის საქმეში, სხვა კი არაფერი. სახელმწიფომ რომ არ გამოიძია საქმე, ეს დაადგინა სასამართლომ. ეს დარღვევები მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ესაა „საქმის გაფუჭება“ და სიცოცხლის უფლების ეფექტური არგანხორციელება სახელმწიფოს მხრიდან. ალბათ დაემატება მეტი დარღვევები”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....