“დაზიანებებსაც ველოდი. აშკარაა, რომ დაზიანებები აქვს, სავარაუდოდ, შემდეგ არის წყალში გადაგდებული. ასეთ ვერსიას თუ გავათამაშებთ. არარეალისტურია ის, რომ ნაცემი თვითონ წყალში გადავარდა, ჩანთა თავისით შეხტა ზემოთ და მსგავსი რაღაცები. შესაძლებელია, ეგონათ, რომ შემოაკვდათ. მიუხედავად ექსპერტიზის კატეგორიულობისა, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ნაწილი ღია დარჩა. მეტი დეტალიზაცია გვჭირდება იმისათვის, რომ დასკვნა დადო. ცალსახად მგონია, რომ ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში წყალში ვერ აღმოჩნდებოდა. ეს არის ჩემი აზრი, როგორ აღმოჩნდა იგი წყალში, ეს უკვე საზოგადოებამ განსაზღვროს.”
გიორგი ყიფშიძე – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი
მისივე თქმით, “ზუსტად არ ვიცი საბოლოოდ რა მუხლს დასვამენ, მაგრამ განზრახ მკვლელობის თემა შეიძლება სადაო გახდეს, რადგან არ არის გამორიცხული, მაგალითად ეს იყო სხეულის დაზიანება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მტკიცებულება არ გვაქვს იმის, რომ ვინმემ ცალსახად იგი წყალში გადააგდო.”
პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.