ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ოჯახმა მესამე დღეს უკვე ვიცოდით გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი” – შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოჯახმა მესამე დღეს უკვე იცოდა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. მისი თქმით, ოჯახმა ინფორმაცია არ გაახმაურა, რადგანაც „გზა-კვალი არ არეოდა საზოგადოებას და გამოძიებას“.

„ჩვენ, ოჯახმა უკვე ვიცოდით მესამე დღეს გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, ის, რაც თქვენ დღეს გაიგეთ. ჩვენ არ გავახმაურეთ ეს, რომ გზა-კვალი არ აბნეოდა არც გამოძიებას, არც საზოგადოებას და არ ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული მხოლოდ წყლის დახრჩობის ფაქტზე. ასევე, ვიცოდით გიორგის დაზიანებებთან დაკავშირებული ყველა გარემოება, მაგრამ ვიდრე არ მოვიდა კომპლექსურად, რომ სრული სურათი შექმნილიყო, არ გავახმაურეთ. ასე ვართ სხვა ინფორმაციებთან მიმართებაშიც“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმით, ექსპერტიზამ ამ ეტაპისთვის სრულად გასცა კითხვებს პასუხი.

„ამ ეტაპისთვის, რაც ექსპერტიზას შეეძლო, ყველა კითხვაზე გაცემულია მაქსიმუმი, დასკვნა არის კატეგორიული და ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში, გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით. რათა დადგინდეს კიდევ უფრო დეტალური გარემოებები, ანუ მოხდეს ვთქვათ პერსონიფიცირება, გავიაროთ ყველა სახის დეტალი ვერსიების დასადასტურებლად ან რაღაც ვერსიების გამოსარიცხად, საჭიროა სხვა სახის ექსპერტიზის პასუხები“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....