საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.
აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.
უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს. აღსანიშნავია რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცახდებასთან დაკავშირებით ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაპირდა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მოსკოვის დაკვეთას ასრულებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მაისში, უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ქართულმა მხარემ კონსულტაციებისთვის უკრაინაიში საქართველოს ელჩი გამოიძახა. სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.