ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რატომ დუმდა დღემდე ამის შესახებ ექსპერტიზა” – ხუხაშვილი “მეტრონომთან” ექსპერტიზის დასკვნაზე

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით “მეტრონომი” ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა. იგი ფიქრობს, რომ დასკვნის შინაარსი საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობს, თუმცა, თვლის, რომ ამ დასკვნის გამოქვეყნება შემთხვევიდან მეორე დღესვე შეიძლებოდა. მისი თქმით, სწორედ აქ ჩნდება კითხვა, – აქამდე რატომ დუმდა გამოძიება, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია წყალში დახრჩობაა.

“ერთი მხრივ, საზოგადიებრივმა აქტივობამ გარკვეული შედეგი გამოიღო და ეს ვნახეთ პროკურატურის განცხადებაში. არანაირი კონკრეტული საფუძველი არ მაქვს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვი შევიტანო, თუმცა, მაქვს კითხვა, – ასფიქსიით გარდაცვალების დასკვნის გაკეთება გაკვეთიდან მეორე დღესვე შეიძლებოდა ვიზუალური დათვალიერების შედეგად. ამას არ სჭირდებოდა 2-3 კვირა.

ეს იწვევს ძალიან სერიოზულ კითხვებს. გამოძიებას რჩება კიდევ მანევრირების საფუძველი და არ მთავრდება ეს პოლიტიკური პროცესი. ეს კითხვები დღეს თუ არა ხვალ დაისმევა და ბევრი ადამიანი შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში ამ კითხვის გამო – რატომ დუმდა დღემდე ამის შესახებ ექსპერტიზა და გამოძიება.

ხუხაშვილმა “მეტრონომთან” მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზეც ისაუბრა.

“მირჩენია დაველოდოთ საქმის დასრულებას. პარალელი არის ის, რომ მაშინ (ხორავას ქუჩის საქმეზე) საზოგადოების სერიოზული ძალისხმევით მიიღო სარალიძის ოჯახმა მეტ-ნაკლები სამართლიანი განაჩენი. პარადოქსია, მაგრამ სპეკულაცია, პოლიტიკური ინტერესი ამ საქმეზე, როდესაც ხორცილდება ზეწოლა, სამართლის დადგენას ემსახურება” – აღნიშნა ხუხაშვილმა “მეტრონომთან”.

ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

თამარ შუკვანი

 

 

იტვირთბა....