ახალი ამბები მთავარი

“ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა” – ბექაური

ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურმა დღეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„არ შეიძლება არსებობდეს ავტორიზაციის ან ლიცენზიის ჩამორთმევაზე და საქმიანობის შეჩერებაზე მძლავრი იძულების მექანიზმი. ასეთი უკვე გვაქვს, ამიტომ ცვლილებები ამას არ ემსახურება. ეს ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, ელექტრონულ კომუნიკაციებში მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს, რომლებსაც ძალიან ბევრი აბონენტი ჰყავთ. თუ აღსრულება ეფექტიანი არ არის და ჯარიმების შემდეგ არ აღსრულდა კანონი, ჩვენ ვითხოვთ დღევანდელ კანონმდებლობაში არსებულ მექანიზმზე უფრო მსუბუქ მექანიზმს, რომელიც დაიცავს მომხმარებელს საკომუნიკაციო სერვისების შეწყვეტისგან.

შესაბამისად, აქ არანაირად მაუწყებლობის სფეროს ნაწილი არც მოსაზრებებში იყო, არც მიზნებში და არც არავის გაუვლია თავში, არც წარმოდგენილ კანონპროექტშია ამაზე საუბარი. შესაბამისად, ეს ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ამ კუთხით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს ეს მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა და არანაირად ეს ცვლილებები შეხებაში მათან არ არის“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ცნობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

იტვირთბა....