ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალი – ვინ წამოიყვანა ინციდენტის ღამეს “ტოიოტა პრიუსმა” არაგვის ხიდიდან

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, “რადიო თავისუფლება” აქვეყნებს ინფორმაციას, 19 ივნისის ღამეს, არაგვის ხიდთან კიდევ ერთი მანქანის, თეთრი “ტოიოტა პრიუსის” გამოჩენასთან დაკავშირებით.

აღნიშნული მანქანა ჩნდება სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს თავს დაესხნენ, როგორც ირკვევა “ტოიოტა პრიუსით” ორი ახალგაზრდა წამოიყვანეს თბილისში და “ნახალოვკაში” დატოვეს.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ახალგაზრდების მანქანაში ჩასხდომის დრო ზუსტად ემთხვევა მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის დასრულების დროს.

გამოძიებისათვის მიცემული ორი ჩვენება 3 ივლისით თარიღდება. ჩვენებას აძლევს ავტომობილის მძღოლი და მისი მეგობარი.

“როგორც მახსოვს, ამ დროს იქნებოდა 01:30”, “ხიდის გავლის შემდგომ, დაახლოებით 10 მეტრში, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე”, გვთხოვეს, თუ შეგვეძლო ისინი გაგვყევანა “ნახალოვკაში”, კიკვიძის ბაღის მიმდებარეს”, – წერია ჩვენებაში.

როგორც მძღოლი აღნიშნავს, ის და მისი მეგობარი, 18 ივნისს, 23 საათისთვის, თბილისიდან ჭიათურის მიმართულებით გაეშურნენ. თუმცა, გორთან ახლოს მანქანას პრობლემა შეექმნა და უკან მობრუნება გადაწყვიტეს:

„გზაზე, მცხეთასთან, როდესაც გავიარეთ ხიდი, გზაზე დავინახეთ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც იქნევდნენ ხელს და ცდილობდნენ გაეჩერებინათ მანქანა. იყო ღამის საათები, გვქონდა ადგილი და ადამიანურად გავუჩერეთ მათ მანქანა. როგორც მახსოვს, ამ დროს იქნებოდა 01:30 საათი. მე მანქანა გავაჩერე ხიდის გავლის შემდგომ, დაახლოებით 10 მეტრში, მარჯვენა მხარეს, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე. ის ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს თბილისამდე ჩაყვანა. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ გარდა აღნიშნული ორი პირისა, იმ ადგილზე, მის მიმდებარედ, მე სხვა პირები არ დამინახავს, ასევე არ შემიმჩნევია იქვე გაჩერებული ავტომანქანა. ისინი დასხდნენ უკანა სავარძელზე. მე რამდენიმე წუთით გადმოვედი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომლის შემდგომაც წამოვედით თბილისში“, – წერია ჩვენებაში.

ჩვენებითვე ირკვევა, რომ ერთ-ერთმა ბიჭმა მძღოლს სთხოვა მუსიკის ხმამაღლა აწევა. მძღოლის განმარტებით, სწორედ ამიტომ ვერ გაიგო თუ რას ლაპარაკობდნენ უკანა სავარძელზე მსხდომი ბიჭები.

ამავე ჩვენების თანახმად, ახალგაზრდები მათ „ნახალოვკაში“, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ შესასვლელთან ჩამოსვეს. მძღოლის დახასიათებით, ერთ-ერთ ახალგაზრდას ჰქონდა გრძელი თმა და იყო სუსტი აღნაგობის. მეორე პირის გარეგნობა არ ახსოვს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდზე, ზუსტად იმ პერიოდში იმყოფებოდნენ, როდესაც შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას თავს დაესხნენ.

უცნობია ასევე, გამოიკითხნენ თუ არა ისინი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....