19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეში ისეთი ქაოსია, რომ შემთხვევითობები, რომელზეც საუბარია, ნაკლებ დამაჯერებელი ხდება. გიორგი ყიფშიძემ ეს კომენტარი “დღის კურიერში” საქმის იმ მონაკვეთზე საუბრისას გააკეთა, რომელიც გურამ ამირხანაშვილისა და “თეთრპერანგიანი” პირის შეხვედრას ეხება.
“ჩემი პროფესია არის, რომ ასე მარტივად დაჯერება ჩემთვის არის შეუძლებელი, მე ამისათვის მჭირდება მეტი მტკიცებულებები. ეს პირი არის “ა”, “ბე” თუ “ცე” არ აქვს მნიშვნელობა, არის საეჭვო და გამოსაკვლევი. სხვა ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შემთხვევით დაიწვა ფერად შენობასთან რაღაც, შემთხვევით იპოვეს ჩანთა, შემთხვევით ის… არ ხდება ასე, თუ შემთხვევითობაა მოდი საგამოძიებომ დაამტკიცოს და დაგვიმტკიცოს, რომ ამაში არაფერი დასამალი არაა.
არაა გამორიცხული, რომ ეს ადამიანი მართლა არაფერ შუაშია, მაგრამ ჩვენ ხომ ზოგადად სრული საქმიდან ვხელმძღვანელობთ და სრულ საქმეში ისეთი ქაოსია თითოეული მიხვრა-მოხვრა და წერტილ-მძიმე, ბუნებრივია ავტომატურ რეჟიმში იწვევს ეჭვს. აქედან გამომდინარე მეტი დამაჯერებლობა გვჭირდება” – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილი იყო, რომელიც აღნიშნული საქმის ე.წ დალაგებაში მონაწილეობდა, თუმცა საგამოძიებო უწყების მტკიცებით ის ლაშა ლურსმანაშვილია, რომელიც ამირხანაშვილს არ იცნობს და შემთხვევით შეხვდა.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.