ახალი ამბები

“თავიანთი პოლიტიკური ქულების გამო, დგანან და ვითომ ვგულშემატკივრობენ” – შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საზოგადოების  ნაწილის იმ შეფასებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს ის ოჯახის პოზიციას არ გამოხატავს და საქმის ჩაფარცხვაში მონაწილეობს. მისი თქმით, ოჯახი იზიარებს ყველა იმ პოზიციებს, რომელიც მას გაუჟღერებია.

„თუ ამის საჭიროება დადგება, მშობლებიც გააკეთებენ განცხადებას. მათ არ აინტერესებთ ეს სისულელეები და არც მე. ბავშვის ტრაგედიით ერთობიან. რასაც იძახიან, მაგათ კისერზე იყოს.

თავიანთი პოლიტიკური ქულების გამო, დგანან და ვითომ ვგულშემატკივრობენ. ოჯახზე დიდ გულშემატკივრებად წარმოაჩენენ თავს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

ცხადია, ოჯახი იზიარებს ყველა იმ პოზიციებს, რომელიც მე გამიხმოვანებია. ჩვენ ყოველ საღამოს ერთად ვართ და ვმსჯელობთ, ერთად ვაყალიბებთ ამ პოზიციებს.

იმის გამო, რომ ვიღაცას ეჭვები გაეფანტოს, ნამდვილად არ ვეტყვი მშობლებს, რომ გამოდით, განცხადება გააკეთეთ თქვენ-თქო.

მთავარია, რომ ჩვენს შორის არსებობს ნდობა, ვერ წარმომიდგენია სხვაგვარად როგორ უნდა იყოს. საერთოდ, ამ თემაზე საუბარიც კი მეუხერხულება. რა უნდა ვამტკიცო, რომ ერთი პოზიცია გვაქვს ოჯახს? სირცხვილია მართლა ამათი კამპანია“ – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

იტვირთბა....