სტამბოლში მდებარე აია სოფიას მუზეუმთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გონივრული იქნება თუკი აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ ადგილად დარჩება.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.
ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.
პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.
იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, სტამბოლში მდებარე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს.
29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის წლისთავზე, აია სოფიაში ყურანის კითხვა გაიმართა. ერთი კვირის შემდეგ, კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მმართველი მართლმსაჯულებისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაავალა შეისწავლონ აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის შესაძლებლობა.
თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აია სოფიას სტატუსთან დაკავშირებით 17 ივლისს გამოაცხადებს.