“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში მმართველ პარტიასთან ერთად შედიან: 1 676 618 ლარით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და 1 643 099 ლარით – „ევროპული საქართველო”.
„პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 41% (8 437 689) კი – კერძოზე. „ქართულ ოცნებას” თუ გამოვაკლებთ, დანარჩენი 18 პოლიტიკური პარტიის ჯამური შემოსავლის 88% სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე მოდიოდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება. 19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელო”-ს არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან იგი 2019 წელს შეიქმნა და ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია;
2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ;
141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე „ქართული ოცნების” შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულმა 15 კომპანიამ: 15 750 924 ლარი გამარტივებული შესყიდვებით, 126 092 739 ლარი ტენდერებით, ამ დამფინანსებლებს მმართველი პარტიის ყულაბაში ჯამში 1 745 000 ლარი ჰქონდათ შეტანილი;
2019 წელს კომპანიამ „გ & კ ტექნოლოგი” და მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა „ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, 40 000 და 60 000 ლარი ჩაურიცხეს. ამ კომპანიამ 16 თვის განმავლობაში 28 376 575 ლარის 8 სახელმწიფო ტენდერი მოიგო. აბრამიშვილი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს, 2012 წელს კი მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც” აფინანსებდა;
წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო ახასიათებს – მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც ეჭვებს აჩენს: წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული? სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა? „ქართული ოცნების” მსხვილ დამფინანსებლებს შორის 2019 წელსაც, ტრადიციულად მოხვდნენ:
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემომწირველი ფიზიკური და იურიდიული პირების ჯგუფი; სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორ „თეგეტა მოტორსთან” დაკავშირებული პირები; „ლილო-მოლთან” დაკავშირებული შემომწირველები; „სერვის-აგრო”-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული შემომწირველები; „პოლიმერთან” დაკავშირებული პირები”, – აღნიშნულია კვლევაში.