საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია აცხადებს, რომ მოხარულია მოსკოვის საკალათბურთო კლუბ ცსკა-ში გადასვლით. შენგელიას კომენტარს მოსკოვური საკალათბურთო კლუბი ავრცელებს.
“მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ევროპის ლიგის ჩემპიონთა გუნდს და ვემზადები შესანიშნავ მოთამაშეებთან ერთად თამაშისა და მწვრთნელებთან ერთად მუშაობისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებებს მივაღწევთ ევროპალიგასა და რუსეთის ჩემპიონატში” – განაცხადა შენგელიამ.
თორნიკე შენგელიამ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის საქართველოს სული მატარებელია ესპანეთში, ამერიკაში, რუსეთში… მისივე თქმით, იქ კალათბურთის სათამაშოდ მიდის.
“კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ” – განაცხადა თორნიკე შენგელიამ.