გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით. ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ არ ახსენდება სხვა შემთხვევა, როდესაც კონგრესს დეყენებინა საქართველოსთვის თანხის შემცირების ან შეჩერების ინიციატივა.
“გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით. ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე.წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპორექტს, რთულია .თუ მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, იმიტომ, რომ ფაქტობრივად გამოვა, საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქცირებას. თანხაში ეს ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ გაჩნდა კითხვები, ამერიკის პოლიტიკურმა ორგანომ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებების შემცირება თუ შეჩერება იმის გამო, რომ საქართველო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს,არ ებრძვის კორუფციას და ა.შ.
მე მგონია, რომ ამაზე დიდი გავლენა ექნება სახვადასხვა პროცესებს, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში მოხდა. ჩვენ თუ ვნახეთ მედიაში ჩარევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენება და არადემოკრატიული პროცესები, მაშინ ეს ჩანაწერი კანონად აუცილებლად იქცევა და მას სხვა შედეგები მოჰყვება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოზეც და აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.