პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს .აშშ-სთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდის მიმართულებით , ოპოზიციას კი სურს ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ოპოზიცია ამას აღიქვამს გამარჯვებად. ეს არის ოპოზიციის სიცრუე. ჩვენ როცა ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციაზე, აშშ-სთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს. “ფრონტერას” ხელწერაც იგრძნობა. “ფრონტერას” და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ ამ შემთხვევაში “ფრონტერა” მართალი არ არის და რასაკვირველია, აშშ-ს ინვესტიციების შეზღუდვაზეც საუბარი არ არის, მითუმეტეს ოპეკი საკმაოდ სერიოზულ, მრავალათეულ მილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინსვეტიცია ახლა მიმდინარეობს,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, კონგრესმენების გარკვეულმა ჯგუფმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ და შემდგომ მთლიანად კონგრესმა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არსებობს.
“ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად”,- დასძინა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოზეც და აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.