“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მარეგულირებლებთან დაკავშირებული ხელისუფლების ინიციატივა მაუწყებლებს რომც არ ეხებოდეს, მაინც პრობლემურია.ამის შესახებ კანდელაკმა მედიის წარომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
“ჩვენი ტელევიზიებისა და სპეციალისტების ინტერპრეტაციით, მათ შორის მაუწყებლებზეც არსებობს ამ ნორმის გამოყენების ხიფათი. რომც არ არსებობდეს, ცალკე აღებული ეს ნორმაც რომ არ ეხებოდეს მაუწყებლებს და ჩვენი ინტერპრეტაციით ეხება, მაინც პრობლემურია. ვიცით, რომ პრობლემური პროცესი მიმდინარეობს მაგალითად, „კავკასუს ონლაინში“.
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ მონსტრს და გველეშაპს, მარეგულირებელ კომისიას შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თავისუფალი ბაზრის ტრანზაქციებში ჩაერიოს და შემდეგ აახიოს კომპანიები მათ კანონიერ მფლობელებს, ეს გზა თუ აირჩიეს, კი, ბატონო, ამ კანონსაც გავაუქმებთ“, – აცხადებს კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ექნება, სპეციალური მმართველი დანიშნოს, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორ კომპანიაში, ასევე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელში.