ახალი ამბები მთავარი

“ვხედავთ, რომ საქართველოში შეტევა ხდება სპორტსმენებზე” – შოთა ხაბარელი

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, ხორციელდება შეტევა ქართველ სპორტსმენებზე , რაც მიზნად ისახავს მათ დისკრედიტაციას. ამის შესახებ ხაბარელმა ჟურნალისტებთან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“ის შეფასება, რასაც ვისმენთ, არანაირად არ ესადაგება იმ ქართველი სპორტსმენების დიდ წარმატებას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუთქვეს სახელი. მინდა მაგალითისთვის 2019 წელს ჩვენი სპორტსმენების შედეგები მოგიყვანოთ. ჩვენი სპორტსმენების მხრიდან 1200 მედალია მოპოვებული. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 1200-ჯერ აიწია საქართველოს დროშა, ეს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გაცნობაა მსოფლიოსთვის. საქართველოში ვხედავთ, რომ შეტევა ხდება სპორტსმენებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთი ცნობადი გახადეს.

რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიმართული დისკრედიტაციაა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენების მიმართ და ასევე, მომავალი თაობისთვის ძალიან ცუდი მაგალითია. როდესაც გამოჩენილ სპორტსმენებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები უწოდებენ „კუნთმაგარსა“ და „გონებაჩლუნგს“, კიდევ არ ვიცი, რანაირი ეპითეტებით მოიხსენებენ, ეს მომავალ თაობაზე უარყოფითად მოქმედებს,” – განაცხადა ხაბარელმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  დაკავებული 17 პირიდან 4 სპორტსმენია.

იტვირთბა....