ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მედიის მიერ ფემიციდის ისტერიული გაშუქება ახალისებს დანაშაულს” – ბაია პატარაია

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, ფემიციდი არის ისეთი სოცალური მოვლენა, რომელსაც ახასიათებს განმეორებითობა და ციკლურობა, ამიტომაც მნიშვნელოვანია მედია გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულს აშუქებდეს სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვით, რათა ხელი არ შეუწყოს დანაშაულის წახალისებას.  ამის შესახებ პატარაიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მედიასაშუალებებმა ყოველგვარი სენსაციურობის გარეშე უნდა  წარმოჩინონ პრობლემის არსი და  დაუშვებელია, აქცენტი გაკეთდეს  მკვლელობის ფორმაზე, მეთოდსა და მოტივზე.

“ფემიციდი არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ჩვენ შეიძლება ფემიციდის გაშუქება შევადაროთ სუიციდის გაშუქებას, ვინაიდან ორივე მოვლენას ახასიათებს ციკლურობა. საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში თუ დააკვირდებით მკვლელობების სერიებსა და მათ დროში განლაგებას, ნახავთ, რომ როცა იწყება ფემიციდის დეტალური გაშუქება, სწორედ მაშინ ხდება რამდენიმე მკვლელობა. ფემიციდი არა დროში გაშლილად, არამედ ერთმანეთზე მიჯრით ხდება, მედიისა და სახელმწიფოს როლი კი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.  “ქალთა მოძრაობამ” ამა წლის 8 მარტს  ქართულ ენაზე გამოაქვეყნა რეკომენდაციები საუკეთესო პრატიკაზე დაყრდნობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივად ირღვევა მედიის მხრიდან გაშუქების სტანდარტები. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა მოხდეს ვიზუალიზაცია და დიდი აქცენტის გაკეთება მკვლელობის ფორმასა და მეთოდზე,” – აღნიშნა პატარაიამ.

მისი თქმით,  მედია ხშირად დიდ ყურადღებას ამახვილებს არა მსხვერპლზე, არამედ დამნაშავეზე, რაც ერთგვარად ამართლებს მის ქცევას და ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს –  ხდება მსხვერპლის დადანაშალება და მისი პირადი ცხოვრების არამართებული გაშლა.

“სამწუხაროდ, მედიას ჰგონია, რომ უნდა წარმოაგინოს ორი მხარე და ხშირად ეთერს უთმობს მოძალადის ახლობლებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მკვლელის გამართლებასა და მსხვერლის დადანაშაულებას, რასაც თან სდევს მოკლული ქალის პირადი ცხოვრების დეტალების არამართებული გაშლა. ამის თავიდან აცილება მედიის პასუხისმგებლობა. ჩვენ ხან ეთიკის ქარტიას მივმართავთ, ხან ღიად ვაკრიტიკებთ მედიასაშუალებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ კონსესუსს, რომ ფემიციდი არ უნდა გაშუქდეს, როგორც რიგითი დანაშაული და რომ მას სჭირება სფეციფიკური სტანდარტების გათვალისწინება,” – განაცხადა პატარაიამ.

მან “მეტრონომთან” საუბრისას გამარტა, რომ სოციალურ ქსელში “ტაბულას” ნიუსი გააზიარა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცემის მიერ ფემიციდის გაშუქება არ ყოფილა პრობლემური.

“გავაზიარე იმიტომ, რომ “ტაბულამ” გააშუქა ფაქტი სტანდარტების დაცვით. მე სპეციალურად არ გავაზიარე სტანდარტების დარღვევით გავრცელებული ინფორმაცია, ხელი რომ არ შემეწყო ტირაჟირებისვის. ჩემი პოსტის კომენტარებში ბევრმა მიიჩნია, რომ ეს იყო “ტაბულას” კრიტიკა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება,” – განაცხადა პატარაიამ.

ცნობისთვის, ბაია პატარაიამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე “ტაბულას” მიერ გამოქვეყნებული ნიუსი გააზიარა სათაურით – “სურამში ქმარმა ცოლი მოკლა” . პატარაია წერს: “გითხარით მე, არასწორად გაშუქებული წინა შემთხვევის გამო ისევ მალევე იქნება მეორე ფემიციდი თქო და არავინ დამიჯერა… აი, რაღა ვქნა, რომ ჟურნალისტებს ფემიციდის გაშუქება ვასწავლო?! რანაირად გამოვგლიჯო პირიდან მორიგი სენსაცია?!. დამატება: ზოგს ჰგონია, რომ ამ კონკრეტულ ნიუსს ვაკრიტიკებ, პირიქით, პრობლემური სპეციალურად არ გავაზიარე, თორემ შემხვდა ისიც. ეს ფაქტად გავაზიარე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში “ტაბულას” არ ვაკრიტიკებ. ისედაც, პრობლემა ტელევიზიებში უფროა, ვიდრე ინტერნეტ მედიაში.”

პატარაიას პოსტს გემოეხმაურა “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლის თქმითაც, პატარაია ჟურნალისტებს მკვლელობას აბრალებს და მას საბოლოოდ  “საკუთარი არარეალიზებული ეგო გაგუდავს.”

იტვირთბა....