გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები იკვეთება. ირკვევა, რომ სატელეფონო ამონაწერები სატელეფონო ანძების ჩანაწერებს არ ემთხვევა.
როგორც დადგინდა, შაქარაშვილის მეგობრებმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მისცეს. საქმე ეხება ვახტანგ ახვლედიანს, რომელიც შაქარაშვილის უახლოესი მეგობარია და ბოლო პირი იყო, რომელმაც ფეხბურთელი ცოცხალი ნახა.
ახვლედიანი ჩვენებაში წერს, რომ კონფლიქტის ტერიტორია პირველ საათზე დატოვა, მაგრამ სატელეფონო ამონაწერის მიხედვით, მან ბოლო ზარი 2 საათზე განახორციელა. 4 საათზე კი თბილისში იმყოფებოდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მას ხელმეორედ დაკითხავენ.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.