ოკუპანტებმა სამეგრელოდან 26 წლის ბიჭი დაატყვევეს. შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რიყეში მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ტატო ზარქუა რიყეში დეიდასთან სტუმრად იყო, ის 3 ივლისს სახლიდან 16:00 საათზე გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 23:00 საათზე ოჯახმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ ოკუპირებული ტერიტორიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ტატო ზარქუა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.
„დაგვიკავშირდა იქაური უფროსი, სადაც დაკავებულია ბავშვი. მელაპარაკე რუსულადო, მე ველაპარკე ქართულად. არა, ქართულად არ მინდაო და რუსულად მითხრა, შენი დისშვილი დაკავებულია და არის ჩვენთანო. ვედავებით საზღვრის გადაჭრასო, მაგრამ საზღვარი არ ჰქონდა გადაჭრილი, ტერიტორიაზე იყო ბავშვი. არაფერი არ ვიცით, დაკავშირება ჩვენ არ შეგვიძლია, უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო. საქართველოს მთავრობიდან ჯერჯერობით არავინ იყო მოსული. ვითხოვ, რომ დაგვეხმარონ, გაათავისუფლონ ბავშვი და გადმოიყვანონ საქართველოს ტერიტორიაზე“, – აცხადებს ტატო ზარქუას დეიდა, ლუდმილა ქარჩავა.
სუსი მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, ინცინდენტის შესახებ ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.