ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აფხაზეთში ორგანიზებულად მიაღებინეს ხალხს რეფერენდუმში მონაწილეობა, დემონსტრირება მოხდა  კრემლის მიმართ ლოიალობის” – მამუკა არეშიძე

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ მუშაკებს აიძულებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  ჩატარებულ რეფერენდუმში, რომლითაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კიდევ 12 წლით გაუხანგრძლივდა ამ პოსტის შენარჩუნების ვადა. ამის შესახებ მან “2020NEWS”-სთან ისაუბრა.

მისივე განცხადებით, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა და რეფერენდუმში მონაწილეობა იყო ოკუპირებული ტერიტორიების ლოიალობის გამოხატულება კრემლის მიმართ.

„რეფერენდუმი ჩატარდა არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ ყველგან იქ, სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ, მაგალითად გერმანიაშიც. რუსეთის მოქალაქეებმა რეფერენდუმში მონაწილეობა საელჩოების შენობებში მიიღეს.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის რუსეთის მოქალაქე და ამიტომ ისინი თავის სამოქალაქო ვალდებულებად თვლიან,  რომ  ამ ტიპის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღონ.

აფხაზეთში კი ორგანიზებულად მიაღებინეს ხალხს რეფერენდუმში მონაწილეობა, დემონსტრირება მოხდა  კრემლის მიმართ ლოიალობის. ალბათ,  იგივე მდგომარეობა იყო ცხინვალშიც.

აფხაზეთზე მაქვს ინფორმაცია, რომ მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ მუშაკებს ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ” – აღნიშნა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პირველი პირის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობის მიღება რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ.

რეფერენდუმი ე.წ. ხმის მიცემის პროცედურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდა. შედეგების მიხედვით, ცვლილებას აფახაზეთში 67%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთში 87%-მა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს უფლებამოსილების გახანგრძლივება 2036 წლამდე შეუძლია.

იტვირთბა....